ანტონ რუდოლფ მაუვე 1838 წლის 18 სექტემბერს ნიდერლანდებში, ქალაქ ზანდამში, ბაპტისტი მღვდლის ოჯახში დაიბადა. მიუხედავად ოჯახის წინააღმდეგობისა, ბავშვობიდან ინტერესდებოდა ხელოვნებით.

მაუვეს ოჯახი სულ მალე ჰარლემში გადავიდა საცხოვრებლად. 16 წლის ასაკში კი მხატვარ–ანიმალისტს პიტერ ფრედერიკ ვან ოსტან სტუდიაში დაიწყო სწავლა.

1871 წლისთვის ჰააგაში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ანტონ მაუვე, ჰენდრიკ უილემ მესდაგი, ძმაბი მარისები და სხვ. ახალგაზრდა მხატვრები ოსტატის, იოზეფ ისრაელსის შემოქმედებამ მონუსხა. მაუვე შესანიშნავი პეიზაჟისტი იყო.
სწავლის დროს მაუვეს სტილი და თემატიკა ჩამოყალიბდა. ის ხატავდა პეიზაჟებს და ცხოველებს, მუდამ ხანგრძლივად აკვირდებოდა ბუნებას და ნატურას, დიდ დროს უთმობდა დეტალებს.

ანტონ მაუვეს შემოქმედებაში დიდი როლი ითამაშა შეხვედრამ მხატვართან უილემ მარისთან. მან სიახლეები აღმოაჩინა და მისი წერის მანერაც ბევრად მსუბუქი გახდა.
მაუვემ ხელოვნების სფეროში დიდ წარმატებას მიაღწია. მისი ნამუშევრები ძვირად ფასობდა (თითო ნახატი 500 გულდენზე მეტი ღირდა). 1827 წელს ის ჰააგაში დასახლდა. 1876 წელს ანტონი ჰააგის სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელი და ერთ–ერთი დამფუძნებელი გახდა. მოგვიანებით ის ჰააგის ხელოვნების აკადემიის პროფესორი იყო.

მისი მეუღლის, არიეტას დედა, ვან გოგის დედის და იყო. 1881 წელს ვინსენტი ჰააგაში ანტონთან ჩავიდა და სთხოვა მისი მასწავლებელი გამხდარიყო. მართალია მაუვე არ ამეცადინებდა მოწაფეებს, ვინსენტისთვის გამონაკლისი დაუშვა. 3 კვირის მანძილზე ანტონი ვან გოგს აკვარელით ხატვას ასწავლიდა, თუმცა მოსწავლეს ეს საღებავი არ მოსწონდა. 1882 წელს მაუვემ ვინსენტს ჰააგის ცენტრში პატარა ბინა აქირავებინა, აჩუქა პალიტრა, საღებავებით სავსე ყუთები და გაკვეთილებს უტარებდა. ასევე სწორედ მან გააცნო ვან გოგს ისეთი ოსტატი, როგორიც იყო იოჰან ჰენდრიკ ვეისენბრუხი.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვან გოგს არ მოსწონდა ჰააგის სკოლა და ერთი ეპიზოდი სკანდალითაც კი დამთავრდა: მაუვემ ვინსენტს თაბაშირის ქანდაკება გადასახატად მიუტანა, ხოლო ვან გოგმა სკულპტურას ნახშირით სავსე სათლი ესროლა. ამის შემდეგ ანტონსა და ვინსენტს ურთიერთობა აღარ ჰქონიათ.

ანტონ მაუვე ვან გოგის 152 წერილშია ნახსენები.

ჰააგის სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი 1888 წელს არნემში გარდაიცვალა.


