დღეს ახალგაზრდებისთვის დასაქმების ფესტივალი საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში” გაიმართება. ერთდღიანი ფესტივალი საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, 12:00 საათზე დაიწყება და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
ფესტივალის მონაწილეებს 60-მდე კომპანია 1000-ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს. სამუშაო ადგილები სადაზღვევო, საბანკო, სამომხმარებლო-სავაჭრო, სააფთიაქო, ენერგეტიკისა და რკინიგზის სფეროებიდან იქნება წარდგენილი. ახალგაზრდებს სტაჟირებისა და სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები ფესტივალის მონაწილეებს დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებსაც გააცნობენ.
ფესტივალში მონაწილეობა 18-დან 36 წლამდე ახალგაზრდებს, როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეუძლიათ.
შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა Worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელ ახალგაზრდებს ფესტივალის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაეგზავნებათ. ახალგაზრდებმა ფესტივალზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა იქონიონ, ასევე სასურველია რეზიუმეს ქონაც.