მათ ვისაც სურთ დასვენება სუფთა, წყნარ და მშვიდ გარემოში, ვფიქრობთ ბეშუმი საუკეთესო ადგილია. კურორტი აჭარაში ზღვის დონიდან თითქმის 2000 მეტრზე, ხულოდან 30 კილომეტრშიმდებარეობს.
ბეშუმის სუფთა ჰაერი მიწის და წიწვების არომატითაა გაჟღენთილი. ნაძვი,სოჭი და მრავალი სახეობის მწვანე მაღალი ხეები ამშვენებს ბეშუმს.

დასვენების და განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესოა სიმწვანეში ყოფნა და ჰამაკში წოლა.

აქ დღის ნებისმიერ მონაკვეთში გაიგებთ ჩიტების ჭიკჭიკს. შეხვდებით ხიდან-ხეზე მორბენალ ციყვებს.
ერთგვარი დასვენებაა ტყეში სოკოზე სიარული, სადაც უამრავი სახეობის, ფერის და ფორმის სოკოებს ნახავთ.


ტყეში დასასვენებლად წასულები ხის ფისისაც წააწყდებით. აქაურები მას „წიწიბოს“ ეძახიან, თუმცა მის მოსაპოვებლად ხე, ფესვიდან უნდა დაათვალიეროთ.

„ღამის სიგრილეს კოცონი უხდებაო“, – ამბობენ აქაურები, ჰოდა სახლებს შორის აგიზგიზებულ ცეცხლსაც ხშირად წააწყდებით .

სიმწვანე, სუფთა ჰაერი, ლამაზი კოტეჯები, ხეებს შორის გაბმული ჰამაკები, ბავშვების ჟრიამული და მომღიმარი სახეები – აი რა დაგხვდებათ კურორტ ბეშუმში. გარდა ამისა,ბეშუმის ცენტრში ლამაზი ცხენები და მცირე, საბავშვო ატრაქციონებიცაა განთავსებული.