სახვითი ხელოვნების მუზეუმში გამოფენა „სხივთა თეატრი“ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სამხატვრო აკადემიის ლექტორებისა და სტუდენტების ერთობლივი ნამუშევრები. ორგანიზატორის ქეთი მატაბელის თქმით, პროექტი პირველად ტარდება და მას ანალოგი არ აქვს. მისივე თქმით, ძალიან რთული და გრძელი გზა გამოიარეს „სხივთა თეატრის“ გამოფენამდე.
„გამოფენა „სხივთა თეატრი პირველად ტარდება. აქ მონაწილეობენ სამხატვრო აკადემიის პედაგოგები, ხელმძღვანელები, სტუდენტები. გვაქვს, რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა.ფაქტიურად ეს არის გამოფენა, რომელსაც ანალოგი ნამდვილად არაქვს. თვითონ კონცეფციას სტუდენტებთან ერთად დიდხანს ვაკეთებდით. რთული და გრძელი გზა გამოვიარეთ. ეს გამოფენა იქნება რაღაც მირაჟივით, იმიტომ, რომ არაფერი არ არის მუდმივი“, – განაცხადა allart.ge-სთან ინტერვიუში მხატვარმა, რუსთაველის პრემიის ლაურეატმა, თბილისის საპატიო მოქალაქემ და „ქართული სულის“ ჯილდოს მფლობელმა ქეთი მატაბელმა.
პროექტში მონაწილე სტუდენტები, allart.ge-სთან ინტერვიუში დადებითად აფასებენ მუშაობის პროცესს.
„ჩემთვის მუშაობის პროცესი იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. ბევრი რამ ვისწავლეთ და სხვადასხვა მასალები აღმოვაჩინეთ. ახლა უკვე სხვანაირად ვხედავთ ყველაფერს. ექსპერიმენტები ჩავატარეთ და ამით დიდი გამოცდილება მივიღეთ. ეს გამოფენა ჩვენთვის დიდი გამოწვევა იყო და ვფიქრობ, რომ ამ პროექტმა პროფესიული თვალსაზრისით საკმაოდ გაგვზარდა“, – განაცხადა სამხატვრო აკადემიის მაგისტრატურის სტუდენტმა ანანო ყაჯრიშვილმა.

„მე და ანანო აქლემის შექმნაში ვმონაწილეობდი. ვმუშაობდით ჯგუფურად. ბუნებრივია ყველას გვქონდა რაღაც მონახაზი. რადგან სამნი ვმუშაობდით უფრო ინტერაქტიული სამუშაო გამოგვივიდა. ეს აქლემი დაახლოებით 2 კვირაში შევქმენით. მასალად გამოყენებული გვაქვს ხის ტოტები. ეს სხივები არის პროექცია ჩვენი ნამუშევრების და სივრცე, რაც თეატრში არის გადადის სიბრტყეში“, – აღნიშნა სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა ბიძინა სიდიანმა.
გამოფენა „სხივთა თეატრი“ 23 ივლისს გაიხსნა და ის 3 დღე გაგრძელდება. პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.



















