გია ნიკოლაძე: თუ წაიკითხავთ თუნდაც ადგილებს, ეს წიგნი სიკვდილს გაგიადვილებთ

2280

კომპოზიტორი, მომღერალი, პოეტი, რეჟისორი და ჯგუფ „ნიკოლ შოუს“ წევრი გია ნიკოლაძე allart.ge-ს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ქართველი ხელოვანის უახლოეს გეგმებში შედის წიგნის გამოცემა და ამავე თემაზე ფილმის გადაღება, ასევე მუსიკალური სპექტაკლის-როკ ოპერის დადგმა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ძალიან მალე მოვისმენთ სიმღერას აჭარის მაღალმთიან რაიონებზე – ხულოსა და ბეშუმზე, ასევე თბილისზეც. თუმცა ჩვენ ინტერვიუში ძირითადი აქცენტი  პოემაზე გავამახვილეთ, რომელიც, როგორც ავტორი ამბობს შეიცავს რელიგიურ თემებსაც, რომელიც ცვლის ადამიანთა ფსიქოლოგიას.

„პოემა მაქვს დაწერილი, რომელსაც გამოვცემ წიგნად. აუცილებლად გადავიღებ ფილმს, ასევე მინდა გავაკეთო  როკ-ოპერაც. ამბავი ბუნების სიყვარულზეა და იმაზე, რომ ბუნება არის ცოცხალი.  ამ თემატიკის გარშემო მინდა განვავითარო ყველაფერი.  მთელი ჩემი შემოქმედება ამის გარშემოა. ყველა სიმღერაში ვიძახი, რომ დედა ღმერთია და დედა მკვდარი არ არის. ცოცხალი ყოფილა და ა.შ.

პოემის ძირითადი არსი ესაა: „პლანეტა როგორც ქალღმერთი ჯერ არვის აღუწერია“, – ე.ი. დედამიწა არის გამოყვანილი ქალღმერთად. დედამიწა არის გამოყვანილი იმ ზე-მგრძნობიარე ცოცხალ სხეულად, რომელსაც ყველა ვეტრფით და არ ვიცით,  რომ იგი ცოცხალია. აი ასეა ამ მხატვრულ ნაწარმოებში, მხატვრულ ფანტასტიკაში. დედამიწა გვეღუპება. მას უნდა გადარჩენა და უნდა მივუდგეთ, როგორც ღმერთს. აი ეს მესიჯი  მსოფლიოში მინდა გავაგზავნო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნიდან“, – განაცხადა გია ნიკოლაძემ.

ავტორმა პოემის ძირითადი თემა 5 დღეში დაწერა, თუმცა მთლიანობაში 15 წელი მუშაობდა და საბოლოოდ 508 სტროფი შეადგინა. ამბობს, რომ სასიამოვნო წასაკითხია. პოემა უკვე ნათარგმნია რუსულ და ინგლისურ ენებზე და როგორც გია ნიკოლაძე ირწმუნება ნაწარმოები ფსიქოლოგიას ცვლის. პოემიდან პატარა ფრაგმენტსაც სიამოვნებით გვიკითხავს.

„ძალიან მოკლედ გადმოგცემ რაც ამ ზღაპარში წერია

პლანეტა როგორც ქალღმერთი ჯერ არვის აღუწერია,

რამდენ მეგობარს დაემჩნა თავი არა მაქვს თვლის,

მაგრამ ვიცი, რომ ეს წიგნი ფსიქოლოგიას ცვლის.

თუ წაიკითხავთ თუნდაც ადგილებს, ეს წიგნი სიკვდილს გაგიადვილებთ“.