დოლარი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ვალუტაა. მისი საყოველთაოდ მიღებული აბრევიატურაა $, ან ალტერნატიულად US$. რადგანაც დოლარი მხოლოდ შეერთებული შტატების ვალუტას არ ჰქვია, სიმბოლო ასევე ემატება სხვა სახელმწიფოებში ვალუტის მითითებისას, მაგალითად ტრინიდადი და ტობაგო – ТТ$, ბარბადოსი – Bds$, ავსტრალია – А$ და ა.შ.
თავად სახელი “დოლარის” ისტორია საკმაოდ ვრცელია. მისი ფუძე, პირველი შეხედვით არაფრით მსგავსი, სახელი “იოაჰიმსტალერია”. ეს მეთექვსმეტე საუკუნის მონეტა ჩეხეთის ქალაქ იოაჰიმსტალში, ვერცხლისგან იჭრებოდა. სიმარტივისთვის მისი სახელი შეამოკლეს და “ტალერი” დაარქვეს. მოგვიანებით დიდ ბრიტანეთში სახელმა ტრანსფორმაცია განიცადა და “დოლარი” გახდა. ამგვარად, XVII-XVIII საუკუნეების ინგლისში უკვე გაჩნდა ვერცხლის მონეტა, რომელიც შექსპირსაც აქვს მოხსენიებული:
“ახლა სვენო, ნორვეგთა მეფე, გვთხოვს შერიგებას.
ჩვენ არ ვქენით და არც დავთანხმდით,
რომ დახოცილნი დაემარხა, ვიდრე სენკოლმში
ათი ათასი დოლარი ხელთ არ ჩაგვაბარა.”
დოლარის სიმბოლოს გამოსახულებას დღეს უკვე მთელი მსოფლიო იცნობს, თუმცა საიდან გაჩნდა ეს ნიშანი?
მისი ისტორია საიდუმლოებითაა მოცული.
ერთ–ერთი, ყველაზე გავრცელებული ვერსიით ითვლება, რომ სიმბოლო ესპანური “P’s”–ს, ნიშნავს და ის სახელმწიფოს ფულის ერთეულებს – პესოსა და პიასტრს აღნიშნავს. სავარაუდოა, რომ ასო “P”–სგან მხოლოდ ვერტიკალური ხაზი დარჩა, ხოლო ასო “S” ფონზე უცვლელი დარჩა. თუმცა, ბევრი ექსპერტის აზრით, ეს ვერსია ლოგიკას მოკლებულია, რადგანაც საბუღალტრო დოკუმენტებში პესოსა და პიასტრს უბრალოდ ასო “P” აღნიშნავდა.
სხვა ვერსიით თანახმად, ასო “S” – ესპანეთს (Spain) ნიშნავს. ისტორიკოსების აზრით, ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ ესპანეთის კოლონიებიდან შემოტანილ ოქროს ზოდებს ზუსტად ეს სიმბოლო ამშვენებდა. ზოდების ესპანეთში გაგზავნისას კი მათ ვერტიკალურ ხაზს უკეთებდნენ, ხოლო საბაჟო კოტროლის გავლისას კი უკვე მეორე ვერტიკალური ხაზი კეთდებოდა.
ექსპერტების სხვა ჯგუფის ვერსიით, სიმბოლო “$” “PTSI”–ს, ბოლივიაში პოტოსის მაღაროებში მოპოვებული ვერცხლის მარკირების წესის, შემოკლებული ვერსიაა. აღნიშნული ვერცხლით იჭრებოდა პესოს მონეტები 1573-1825 წლებში. დიდი ბრიტანეთის კოლონიებში კი ზუსტად ამ მონეტებს იყენებდნენ.
ზოგიერთის მოსაზრებით, “$” – “გადახაზულ რვიანს აღნიშნავს“. ჩრდილოეთ ამერიკაში ფულადი ანგარიშგებისთვის ესპანური რეალები გამოიყენებოდა, ხოლო მათი წონა ინგლისური ფუნტის 1/8 შეადგენდა. ამიტომაც მათ “piece of eight” (მერვედს) უწოდებდნენ.
“სამეფო ვერსიის” თანახმად დოლარის ნიშანი ესპანეთის სამეფო ოჯახის გერბის განახლებული ვერსიაა, რადგანაც 1492 წელს მეფე ფენდინანდ II არაგონელმა ფულის სიმბოლოს ჰერკულესის სვეტები აირჩია, (ორი ერთმანეთის მოპირდაპირე კლდე ახლანდელი გიბრალტარის ორსავე მხარეს). სვეტებზე ადრე ამბობდნენ “Non plus ultra”, რაც ნიშნავდა “უფრო შორს აღარ”, იგულისხმებოდა, რომ ზუსტად აქ მთავრდებოდა მსოფლიო. თუმცა, კოლუმბრის მოგზაურობების შემდეგ მისი დევიზი შეიცვალა და გახდა “კიდევ უფრო შორს” (Plus Ultra). როდესაც მექსიკასა და პერუში ვერცხლის უმსხვილესი მაღაროები აღმოაჩინეს, სიმბოლო “$” ახალი მსოფლიოდან შემოსულ მონეტებზე იყო დატანილი.
დიდი პოპულარობით სარგებლობს “რომაული” ვერსიაც – ამბობენ, რომ დოლარის სიმბოლო “Sestertius” იგივე “სესტერციდან” მოდის, რომელიც ძველ რომაულ ფულად ერთეულს წარმოადგენდა. რომში წერილობით ფორმაში მას «LLS»ან «lls»–ით აღნიშნავდნენ. მოგვიანებით კი ელემენტები გაერთიანდა და სიმბოლო “$” წარმოიქმნა.
რელიგიური ვერსიით დოლარის სიმბოლო ავსტრიული ტალერის რევერსული ვერსიაა. ავსტრიულ ტალერზე კი გამოსახული იყო ჯვარცმა და გველი, რომელიც ჯვარს ეხვეოდა.
მასონური ვერსია ამბობს: “სიმბოლო “$” მეფე სოლომონის ტაძარს აღნიშნავს”. (იგულისხმება “Solomon” და ორი სვეტი).
ერთი ვერსია კი ადასტურებს, რომ ადამიანები ყველაფერს აზვიადებენ და ეს უბრალოდ შილინგის მაჩვენებელი სიმბოლოა.