თელავის მუზეუმის ადმინისტრაციას თანამშრომლები დაუპირისპირდნენ

748

თელავის ისტორიული მუზეუმის ყოფილი თანამშრომლები მუზეუმის ადმინისტრაციას რეორგანიზაციის, პირადი ანგარიშსწორებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ. როგორც ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ მუზეუმის ადმინისტრაციას გასაშვები თანამშრომლების სია წინასწარ ჰქონდა მომზადებული. მათივე ცნობით, მუზეუმში ჩატარებული კონკურსი ფარსი იყო.

დათხოვილი თანამშრომლების განმარტებით, ანგარიშსწორება ხელფასის გაზრდის მოთხოვნას მოჰყვა,რამაც მუზეუმის ხელმძღვანელობა გააღიზიანა.

მუზეუმის დირექტორი და მისი მოადგილე, ანგარიშსწორებას უარყოფენ და ამბობენ, რომ გასაუბრება თანამშრომლებთან კულტურის სამინისტროს კომისიამ ჩაატარა და გათავისუფლებაც კომისიის დასკვნის საფუძველზე მოხდა.

„არავითარი წინასწარი სია არ გვქონია. კომისიამ, გასაუბრების საფუძველზე გადაწყვეტილება თვითონ მიიღო“,- ამბობენ ადმინისტრაციაში.

თელავის ისტორიულ მუზეუმში, რამდენიმე დღის წინ ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, სამსახურიდან 26 თანამშრომელი დაითხოვეს.