იუნესკომ შესაძლოა სტოუნჰენჯი მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ამოიღოს

536

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია დიდ ბრიტანეთს აფრთხილებს, რომ სტოუნჰენჯი მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების სიაში ადგილს დაკარგავს, თუ მის სიახლოვეს ავტოტუნელის მშენებლობის საკითხი არ გადაიხედება. ამგვარად გაერთიანებული სამეფო შესაძლოა პირველი ქვეყანა გახდეს, რომლის ორი ობიექტიც სტატუსს დაკარგავს.

იუნესკოს განცხადებით, 2022 წელს სტოუნჰენჯი შევა საფრთხის ქვეშ არსებული ობიექტების სიაში, რის შემდეგაც მისი გარიცხვა იგეგმება.

ბრიტანეთის ხელისუფლებას მხოლოდ ტრანსპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული მშენებლობის გეგმის შეცვლა რჩება.

“პროექტი უნდა განიხილონ, რათა ამ ობიექტის უნივერსალური ღირებულება შენარჩუნდეს”, – წერია იუნესკოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ, სტოუნჰენჯის ქვეშ საავტომობილო გვირაბის მშენებლობაზე თანხმობა, დრუიდების, ეკოლოგებისა და არქეოლოგების პროტესტის მიუხედავად, გასცა. ტრანსპორტის მინისტრმა გრანტ შეპსმა 2,2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, ტრასას A303 არქეოლოგიური ძეგლის ქვეშ გვირაბი დაემატება, ხოლო ახალი სქემა ინგლისის სამხრეთ–დასავლეთის მთავარ მაგისტრალზე საცობების წარმოშობას შეუშლის ხელს.