ლეგენდები და ფაქტები ვინსენტ ვან გოგის შესახებ

6148

ვინსენტ ვილემ ვან გოგი ნიდერლანდების დასავლეთ მხარეში, პროტესტანტი პასტორის ტეოდორ ვან გოგისა და ანა კორნელიას ოჯახში დაიბადა. მის დაბადებამდე ერთი წლით ადრე ოჯახს სხვა ვინსენტი შეეძინა, რომელიც იმავე დღეს დაიღუპა. მომავალი მხატვრის გარდა ოჯახში კიდევ 5 ბავშვი იყო.

ოჯახი ვინსენტს რთულ ბავშვად თვლიდა, თუმცა მეზობლები აღნიშნავდნენ, რომ ის მშვიდი, მეგობრული და კარგი ბავშვი იყო. ვინსენტმა სწავლა რამდენჯერმე მიატოვა. შემდეგ გადაწყვიტა მამამისის გზას შედგომოდა და პასტორი გამხდარიყო, თუმცა საბოლოო ჯამში სწავლაზე გული აუცრუვდა და სწავლას თავი დაანება. დაინტერესდა რა ხელოვნებით, ვან გოგმა სწავლა ხელოვნების სამეფო აკადემიაში დაიწყო და 10 წელიწადში გაიარა გზა დამწყები მხატვრიდან ოსტატამდე.

10 წლის მანძილზე ვინსენტ ვან გოგმა 2000–მდე ნამუშევარი შექმნა, მათგან მხოლოდ 860 არის ზეთით დახატული. ვინსენტს ხელოვნება მას შემდეგ შეუყვარდა, რაც ფირმა Goupil & Cie–ში არტ–დილერად დაიწყო მუშაობა.

ვინსენტს თავისი ბიძაშვილი, კეე ვოს–სტრიკერი უყვარდა. ის ქვრივი იყო და მხატვარმა მაშინ გაიცნო, როდესაც ქალი მისი მშობლების სახლს ვაჟთან ერთად სტუმრობდა. კეემ ვინსენტის გრძნობები უარჰყო, თუმცა ვან გოგმა ქალის დევნა არ შეწყვიტა. საბოლოო ჯამში მას მშობლებთან უთანხმოება მოუვიდა.

სპეციალური განათლების არქონამ გავლენა იქონია ვან გოგის შემოქმედებაზე. ადამიანის ფიგურების ხატვა მას კარგად არ გამოსდიოდა.

ვან გოგის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ტილო “ვარსკვლავებიანი ღამე” 1889 წელს საფრანგეთში, ფსიქიკურად დაავადებულთა საავადმყოფოში დაიხატა.

გავრცელებული ვერსიის თანახმად, ვან გოგმა ყურის ნაწილი პოლ გოგენთან ჩხუბის შემდეგ მოიჭრა.

აუქციონებისა და კერძო გაყიდვების შედეგების მიხედვით, ვან გოგი და პაბლო პიკასო ყველაზე ძვირადღირებული მხატვრები არიან.

პლანეტა მერკურიზე ვან გოგის სახელობის კრატერი არსებობს.

ლეგენდა იმის შესახებ, რომ ვან გოგმა ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ერთი ნამუშევარი, “წითელი ვენახი არლთან  ახლოს” გაყიდა – ტყუილია. მის გარდა დაახლოებით 14 ნახატი და ტილოა გაყიდული.

სიცოცხლის ბოლო წლებში ვინსენტი ძალიან სწრაფად ხატავდა. მთელ ტილოს 2 საათში ასრულებდა. თუმცა ამასთან ერთად ამერიკელ მხატვარს უისტლერს ციტირებდა: “მე ეს ორ საათში გავაკეთე, თუმცა რაიმე ღირებულის ორ საათში შექმნისთვის წლები ვიშრომე”.

ლეგენდები იმის შესახებ, რომ ვან გოგს ფსიქიკური აშლილობა ეხმარებოდა ნამუშევრების შექმნაში – ასევე ტყუილია.ეპილეფსიის მსგავსი შეტევები მას ცხოვრების ბოლო წელიწად–ნახევარი აწუხებდა და ზუსტად ამ პერიოდში მას ხატვა აღარ შეეძლო.

ვინსენტ ვან გოგის უმცროსი ძმა, თეო დიდ როლს თამაშობდა მხატვრის ცხოვრებაში. წლების განმავლობაში თეო ეხმარებოდა ვინსენტს ფინანსურად და მორალურად. ვინსენტის გარდაცვალების შემდეგ თეო ნერვული აშლილობით დაავადდა და 6 თვეში გარდაიცვალა.

ვინსენტ ვან გოგის მუზეუმი, რომელიც მხატვრის ნამუშევრების ყველაზე დიდ კოლექციას ფლობს, ამსტერდამში 1973 წელს გაიხსნა.

მაო ჩუბინიშვილი