მაია ჯაბუა: ნუ აბრალებენ ხალხს, თითქოს მათ მოსწონთ უგემოვნო სიმღერები

1945

„ფანტასტიური ახალგაზრდობა მოდის და ნუ აბრალებენ, რომ მათ მოსწონთ უგემოვნო სიმღერები“, – ამის შესახებ მომღერალმა მაია ჯაბუამ Allart.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით,  უგემოვნო სიმღერა შეიძლება რეიტინგს წერს, მაგრამ ძალიან ცოტას მოსწონს ეს.

„ადრე, თითქოს ყველაფერი ქართული ითვლებოდა „გოიმობად“. ახლა ტენდენცია იცვლება, იმიტომ, რომ ახალგაზრდობა ყოველთვის მართალია. ფანტასტიური თაობა მოდის, რომელთაც არაჩვეულებრივი გემოვნება აქვთ. შეუძლებელია, მათ ის უგემოვნო სიმღერები მოსწონდეთ, რომელთა სახელებსაც შეგნებულად არ დავასახელებ. მე სულ ვეუბნები რადიოს წარმომანდგენლებს, სხვადასხვა პროდიუსერებს, ნუ აბრალებენ ხალხს, რომ მათ მოსწონთ უგემოვნო სიმღერა. შეიძლება ასეთი სიმღერები რეიტინგს წერს, მაგრამ შეუძლებელია ეს მსმენელთა უმრავლესობას მოსწონდეს. საბედნიეროდ, მუსიკალურ სამყაროში ამინდს ყოველთვის ქმნის ის ბირთვი, რომელსაც გააჩნია შინაგანი „ფილტრი“ და იციან კარგისა და ცუდის გარჩევა. უგემოვნობა მარადიული არ უნდა იყოს“, – განაცხადა მაია ჯაბუამ.

მომღერალმა, allart.ge-ს სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა. მაია ჯაბუას ბევრი კარგი გეგმა აქვს, თუმცა ხასიათიდან გამომდინარე დეტალებს წინასწარ არ ამხელს. გვითხრა, მხოლოდ ის, რომ სეზონს, მსმენელსა და გარემოს მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დარბაზში კი სიბნელის მიუხედავად, თითოეული მსმენელის ენერგეტიკას გრძნობს.

„მე სულ ვიხსენებ იმ პერიოდს, როცა გვქონდა კონცერტები. სამწუხაროა, რომ ახლამა თაობამ ეს არ იცის. არ არის რთული დაგეგმო გასტროლი შენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ჩახვიდე რომელიმე ქალაქში თუ რეგიონში და ღია კონტაქტი დაამყარო შენ მსმენელთან. მე მაქვს კარგი გეგმები, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე არ მიყვარს წინასწარ აფიშირება. ყველაფერი დამოკიდებულია ფინანსებზე და რეალურად, რომ მექნება ამის შესაძლებლობა მერე დავიწყებ მომზადებას. სხვათა შორის, ყველგან სიმღერა არ მიყვარს. სიამოვნებით ვმღერი ფილარმონიაში, რუსთაველის თეატრში, ღია სივრცეში. სეზონიც მოქმედებს. ზამთარში კონცერტი არ მომწონს. მინდა, რომ დარბაზში მსმენელიც ლამაზად ჩაცმული იყოს. მიუხედავად სიბნელისა, მე თითოეული მაყურებლის ენერგეტიკას ვგრძნობ. ჩემთვის კონცერტი იწყება დარბაზიდან“, – აღნიშნა მომღერალმა allart.ge-სთან ინტერვიუში.