მანანა თუმანიშვილი: „რთულია იყო მხატვარი, ცოტა თუ არ იგიჟე“

2620
  • როდის შემოვიდა მხატვრობა თქვენს ცხოვრებაში
  • როგორც ყველა ბავშვი მეც კარგად ვხატავდი, მერე უკვე სკოლის პერიოდში დიდად არ მქონია განსაკუთრებული ნიჭი და აი, ბოლოს უკვე ბოლო კლასებში გამიჩნდა სურვილი, რომ მეხატა. თუმცა, იქამდე ძალიან მინდოდა მსახიობობა, მაგრამ მიხეილ თუმანიშვილმა, რომელიც ჩემი ოჯახის წევრი იყო, ძალიან დიდი ლექცია წამიკითხა იმის შესახებ, თუ რა ძნელი და დაუფასებელია იყო მსახიობი ამ ქვეყანაში და განსაკუთრებით იმ დროში… სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე ჩამებარებინა აკადემიაში.
    საბოლოოდ  მე ვარ კოლორისტი, ფერის გრძნობა მაქვს გაძლიერებული, სამყაროსაც და ადამიანებსაც ფერით აღვიქვამ. შეიძლება რაღაც ფერი არ მომეწონოს და ამან შემიცვალოს ხასიათი, ეს ბუნებრივად ხდება.  ვან გოგი ჩემთვის უსაყვარლესია, რემბრანდტი.. სულ სხვადასხვა მხატვრები მიყვარს იმიტომ რომ ყველგან არის ის საოცრება, რომელიც გკვებავს..
  • სტუდენტობის წლებზე გვიამბეთ
  • საოცრება იყო! ისეთი პედაგოგები გვასწავლიდნენ როგორებიც იყვნენ ზურა ნიჟარაძე,  ედმუნდ კალანდაძე და სხვები. სხვათაშორის, განსაკუთრებული იყო ედმუნდ კალანდაძე. გარდა იმისა, რომ საოცარი მხატვარი იყო, ასევე ძალიან საინტერესო ლექტორიც იყო, საოცარი ორატორი იყო და ჰქონდა გადმოცემის შესანიშნავი უნარი. შეიძლება იყო კარგი მხატვარი, მაგრამ ეს ყველაფერი სხვას ვერ გადასცე, პედაგოგობა კიდევ სხვა რამეა. ჩემი აზრით, ყველა ედმონდ კალანდაძის მოსწავლის ნახატში მაინც იგრძნობა მისი გავლენა და მიხვდებით რომ მისი სკოლიდან ვართ.  გარდა იმისა, რომ ედმონდის მოსწავლე ვიყავი სხვა მხატვრებიც ძალიან მიყვარდა. შემდეგ ვცდილობდი მეც კარგად გადამეცა ეს ყველაფერი ჩემი მოსწავლეებისთვის და თითოეული მათგანით ძალიან ვამაყობ. მაგალითად, ფარჯიანი ჩემი მოწაფე იყო, აბრამიშვილი, სუთიძე…
  • თქვენი აზრით მხატვრობაში არსებობს მოდა?
  •  მოდა არის ძალიან დროებითი მოვლენა, მხატვრობაში და ზოგადად ხელოვნებაში კი მთავარია შენარჩუნდე და არ იყო დროებითი. არსებობენ მხატვრები ვინც ყვებიან მოდას, აკეთებენ ისეთ გამოფენებს რომელიც “მოდაშია”, მაგრამ მაგალითად, ხიტა ქუთათელაძე მსოფლიო მნიშვნელობის მხატვარი იყო, თუმცა, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან ერთი პერსონალური გამოფენა არ გაუკეთებია. მართალია, გარდაცვალების შემდეგ ის აღიარა საზოგადოებამ და მან დატოვა თავისი სახელი ისტორიაში.
  •  რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი ჩამოყალიბდეს კარგ მხატვრად? მხოლოდ ტექნიკა ალბათ არაა საკმარისი...
  • პირველ რიგში მხატვარი უნდა იყოს განათლებული. თქვენ როგორ გგონიათ ფიროსმანი არ იყო განათლებული? შეიძლება გაბაშვილის ან რემბრანდტის ტექნიკა არ ჰქონდა, თუმცა საოცარი ხედვა ქონდა. მისგან სხვა მისტიკა და აურა მოდის. მე შემიძლია ტექნიკა გასწავლოთ მაგრამ მხატვრობას ვერ გასწავლით. თუნდაც ბავშვები რომ შეყავთ ხატვაზე, კი არ უნდა დაშტამპო და წესებით დაუწყო ხატვაზე ლაპარაკი.. არა, არა და არა! იმავე წუთს შეაძულებ. პირიქით უნდა ეცადო გაუხსნა აზროვნება , მიაწოდოთ თამაშის სახით, ყველამ ხე და მანქანა კი არ დახატოს, მისცენ ფანტაზიას გასაქანი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
  • თქვენ იყავით ლექტორი ბევრი წლის განმავლობაში, ლექტორს კი აქვს  უნარი  ან ძალიან შეგაყვაროთ საგანი, ან პირიქით, ხელი ჩაგაქნევინოთ, რას ურჩევდით დღევანდელ ლექტორებს?
  • იცით რა, მხატვრობა სხვაა და ლექტორობა სხვა.. ასე რომ მთავარია ძალიან გიყვარდეთ თქვენი მოსწავლეები, იზრდებოდეთ მათთან ურთიერთობით, გსიამოვნებდეთ ის რასაც აკეთებთ და მათგანაც საპასუხოს მიიღებთ.უნდა დაინახო მასში პოტენციალი და ჩაეჭიდო, გახსნა…  ხელოვნებაში უაზროდ სიმკაცრე და ყვირილი არ ხდება და არც უნდა ხდებოდეს.
  • თქვენს გამოფენებზე რომ მოგვიყვეთ და კიდევ თუ გვექნება პატივი დავესწროთ თქვენს გამოფენას?
  • მთელი ცხოვრებაა თავს ვიკავებდი პერსონალური გამოფენისგან, უფრო საერთო გამოფენებში ვმონაწილეობდი. პირველი პერსონალური გამოფენა 57 წლის ასაკში გავაკეთე. შემდეგ უკვე ისე მოხდა რომ მეორე გამოფენა შვეიცარიაში ჩატარდა, თან საქართველოს არ იცნობდნენ მაშინ ასე კარგად და ბუკლეტებით შეიარაღებული წავედი. შემდეგ გავაგზავნე ნამუშევრები პარიზში, ბაქოში და უკვე საქართველოში 75 წლის იუბილეზე კვლავ პერსონალური გამოფენა გავაკეთე .  ახლა ვემზადები 80 წლის იუბილესთვის, სადაც მინდა ახალი სტილიც შემოვიტანო, მოვსინჯო ახალ მასალაში მუშაობა, ბოლო პერიოდში აკრილმა გამიტაცა, აქვს თავისი პლიუსები და მინუსები.. ბევრი მაქვს ბუნება, შიშველი ფიგურები, პორტრეტი ნაკლებად.
  • რამდენად გიყვართ სიახლეები და ექსპერიმენტები?
  • მე არ შემიძლია სიახლეების გარეშე. თუ არ ჩაატარე ექსპერიმენტი, ცოტა თუ არ იგიჟე, რთულია იყო მხატვარი. მაგალითად, სველი აკვარელის ტექნიკა მე შემოვიტანე, რომელიც რთულია, თუმცა გამიტაცა. ყველა წამყვანს თავის გზა და სტილი აქვს, თუმცა მე სულ მინდა რაღაც შევცვალო.

ავტორი : ირინკა ფაღავა