მეცნიერებმა ლეონარდო და ვინჩის 14 პირდაპირი შთამომავალი იპოვეს

253

იტალიელმა ისტორიკოსებმა ლეონარდო და ვინჩის გენეალოგიური ხე აღადგინეს. ამის წყალობით, მათ მხატვრის 14 პირდაპირ შთამომავალს მიაგნეს, რომლებიც თანამედროვე იტალიაში ცხოვრობენ. კვლევის შედეგები ჟურნალმა Human Evolution გამოაქვეყნა.

“როგორც ცნობილია, მამაკაცის Y-ქრომოსომა პრაქტიკულად ცვლილებების გარეშე გადაეცემა თაობიდან თაობას. და ვინჩის შთამომავლებს შორის მისი სტრუქტურის გაშიფრვა დაგვეხმარება ოსტატის დნმ–ის გაშიფრვაშიც”, – წერენ მეცნიერები.

ისტორიული ჩანაწერების თანახმად, გენიოსს შვილები არ ჰყავდა. ხუთი წლის წინ კი იტალიელმა და ამერიკელმა პალეოგენეტიკოსებმა, ლეონარდო და ვინჩის გამოგონებების მუზეუმის დამფუძნებლის, ალესანდრო ვეცოზის ხელმძღვანელობით გადაწყვიტეს დიდი გამომგონებლის გენომის ფრაგმენტების ძიება დაეწყოთ.

სპეციალისტების საქმე გაართულა იმან, რომ და ვინჩის 1519 წელს ფრანგულ სასახლე ამბუაზში დაკრძალული ნეშტი უცნობ ადგილას იქნა გადატანილი. ამიტომ მეცნიერები დაზუსტებით ვერ ასახელებენ სასახლის ტერიტორიაზე ნაპოვნი რომელი ნეშტი ეკუთვნის გენიოსს.

ვეცოზის განცხადებით, პრობლემის მოგვარება ორი გზითაა შესაძლებელი: ერთის მხრივ, შესწავლილ იქნას მხატვრის ნამუშევრების ზედაპირები და მათზე მოიძებნოს გენეტიკური მასალა. მეორეს მხრივ კი თანამედროვე შთამომავლების პოვნა მოხერხდეს, რაშიც მათ ეხმარებათ გენეტიკური ჩანაწერები, რომლებსაც იტალიის მაცხოვრებლები თითქმის 700 წელი აწარმოებდნენ.

ცოტა ხნის წინ იტალიელმა ისტორიკოსებმა დაასრულესწ და ვინჩის გენეალოგიურ ხეზე მუშაობა, რომელიც 21 თაობას და ოჯახის ხუთ განშტოებას მოიცავს. ამის წყალობით, მეცნიერებმა გამოასწორეს რამდენიმე შეცდომა, რომლებიც ლეონარდოს პირდაპირი შთამომავლების სახელების დამთხვევას უკავშირდებოდნენ.

მას შემდეგ, რაც გენეტიკოსებმა ოსტატის 14 პირდაპირ შთამომავალს მიაგნეს, ისინი Y-ქრომოსომის გაშიფრვას აპირებენ, რათა ნეშტის პოვნა და ვერიფიკაცია მოხერხდეს.