მოგზაური და ბლოგერი ფოლი – Pet Friendly მოგზაურობა საქართველოში

1244

ცხოველების მოყვარულთათვის ძალიან კარგი ამბავი გვაქვს და ეს არის ახალი ბლოგერი, ჩაუ–ჩაუს ჯიშის ძაღლის, ფოლის ბლოგი – Folie.traveler . ალბათ, ვისაც სახლში ძაღლი ჰყავს არა ერთხელ შექმნია პრობლემა მასთან ერთად სადმე წასვლის, დასვენების, გასეირნების თუ სხვა. დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან დიდი დისკომფორტია, სწორედ ამიტომ თაკო კამკამიძემ გადაწყვიტა პირველ რიგში თავისთვის და ახლა უკვე ჩვენთვის გაემარტივებინა ცხოვრება – ეჩვენებინა მისი 10 თვის ფოლის მოგზაურობა. თაკო არც ერთი წუთით ფოლის არ ტოვებს, უარს ამბობს ისეთ ადგილებში წასვლაზე სადაც ფოლის არ უშვებენ და უკვე ბევრი Pet friendly სასტუმრო, კაფე თუ ბარი აღმოაჩინა.

No description available.

– თაკო გამარჯობა, მოდი პირველ რიგში მოგვიყევი როდის დაიწყო შენი და ფოლის ურთიერთობა?

– ფოლი კარანტინის ძაღლია, აქედან გამომდინარე მოყვანის პირველივე დღიდან სულ ერთად ვართ და იმდენად შევეჩვიეთ ერთმანეთს, რომ სახლში დასატოვებლად მეცოდებოდა ხოლმე. ამიტომ წავიდოდი სალონში, მაღაზიაში თუ კაფეში ყველგან თან დამყავდა. ამან ისიც გამოიწვია, რომ ფოლიმ კარგად ისწავლა საზოგადოებაში ქცევა, სადაც ხვდება, რომ დიდი ხნით ვჩერდებით წვება და იძინებს.

– სად იყო ფოლის პირველი მოგზაურობა და როგორ ჩაიარა?

– პირველად 4 თვის ფოლი სიღნაღს ესტუმრა, იმდენად საყვარელია ქუჩაში თითქმის ყველა ადამიანი ეფერება ან ფოტოს უღებს, თუმცა, აი ღამე სასტუმროში დარჩენა ფოლისთან ერთად ნამდვილად დიდ პრობლემას წარმოადგენს. მაშინ პირველად შევეჩეხე ამ რეალობას და ძალიან გავბრაზდი, ფაქტობრივად მთელი ღამე უნდა მერკვია მეორე დღეს რომელი სასტუმრო ან სახლი ინებებდა ჩვენს დატოვებას ღამით.

– მოგზაური ფოლი – ასე ჰქვია შენს ახალ პროექტს, კარგად მოგვიყევი რას მოიცავს და რისთვის ფიქრობ რომ კარგი იქნება ეს წამოწყება?

– პირველ რიგში ახლა როგორც უკვე გამოცდილი მოგზაურის პატრონი, შემიძლია დავეხმარო ყველა იმ ადამიანს ვინც არ იცის სად წავიდეს საკუთარ ძაღლთან ერთად, რა ხარჯებთანაა ეს დაკავშირებული, რა დროსთან და ა.შ. მე მაგალითად, ძალიან გამომადგებოდა სივრცე სადაც გავიგებდი ამ ინფორმაციას. თუმცა, დიდ ხნიანი ძიების შემდეგ მივხვდი, რომ ასეთი პლატფორმა არ არსებობს! მე ამ პროექტისთვის არ შემიხედავს როგორც ჩემი ბიზნესისთვის ან თუნდაც გასართობი სივრცისთვის, გულწრფელად მინდა ყველა ადამიანს დავეხმარო შვებულება თბილისში არ გაატარონ მარტო იმიტომ, რომ არ იციან სად წაიყვანონ თავისი ოთხფეხა მეგობრები.

– თაკო როგორ ფიქრობ მხოლოდ სასტუმროების მიმართულებით გაგვანათლებს ფოლი თუ კიდევ არის სხვა დეტალები რომლებიც საჭიროა მოგზაური ძაღლების პატრონებმა იცოდნენ?

– რა თქმა უნდა ძალიან დიდი განსხვავებაა იმაში თუ სად დაგყავს ძაღლი. ერთია როდესაც სახლიდან ეზოში ჩაიყვან, გაასეირნებ და უკან ამოიყვან და მეორე როდესაც დილას ზღვაზე გყავს, საღამოს მთაში, მეორე დღეს ტყეში და ა.შ. ბევრი ისეთი საჭირო ინფორმაცია არ ვიცოდი, რომ გზადაგზა მომიწევდა ამ ყველაფრის სწავლა, ახლა კი ფოლის გამომწერებს დავეხმარები იმაში, რომ ბევრად მარტივი და კომფორტული გზა გაიარონ მოგზაურობისას.

– მოდი ვაღიაროთ რომ არსებობენ ისეთი ადამიანებიც ვინც აპროტესტებენ სასტუმროებში ძაღლის ყოფნას, ამ შემთხვევაში რას ფიქრობ, რა არის გამოსავალი?

– ყველამ კარგად იცის, რომ Pet Friendly სასტუმროებში საკმაოდ სოლიდურ თანხას ვიხდით, რათა ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ჩვენთან ერთად იყვნენ, ეს თანხა სწორედ იმაში გამოიყენება რომ შემდეგ ოთახი საფუძვლიანად და კარგად დალაგდეს, ასე რომ ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას გარდა იმისა, რომ უბრალოდ ვიღაცის ახირებაა – არ უნდათ ძაღლი მათ გვერდით…

No description available.

– სამომავლო გაგრძელებას თუ ფიქრობ რა შეიძლება მოყვეს ამ წამოწყებას?

– როგორც უკვე გითხარით ფოლის მოგზაურობა არ დამიწყია რაიმე კონკრეტულის მისაღწევად, ეს იყო ჩემი მხრიდან ცოდნის გაზიარებისა და დახმარების სურვილი, ამიტომ სამომავლო გეგმები ამ ეტაპზე არ მაქვს. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა რომ იმედი მაქვს ფოლის მოგზაურობა იქნება საწყისი იმ ძალიან დიდი ბაზისა, რაც ჭირდებათ შინაური ცხოველების ახალბედა პატრონებს.

დაინტერესებულ პირებს კი ვთავაზობთ ფოლის Instagram-გვერდი Folie.traveler გამოიწერონ და თვალყური ადევნონ მის მოგზაურობას.

ირინკა ფაღავა