კატები, რომლებიც მუზეუმებში მუშაობენ

1617

ბევრი მუზეუმი ექსპონატებს თაგვებისა და ვირთხებისგან სწორედ კატების მეშვეობით იცავს. ზოგიერთი კატა კი მუზეუმის სრულუფლებიან თანამშრომელი და თილისმა ხდება.

ბრიტანეთის მუზეუმი, ლონდონი

ბრიტანეთის მუზეუმში მუდამ შრომობს 6 კატა: მათი რაოდენობა მუზეუმის შინაგანაწესითაა დამტკიცებული. ყოველ მათგანს ერიცხება “ხელფასი” (50 ფუნტი წელიწადში საკვებისა და მოვლის საშუალებებისთვის). მათ უნიფორმა აქვთ (ყვითელი ბანტი კისერზე). კატები კოლექციას მღრღნელებისგან იცავენ და “დამატებით სამუშაოებსაც” ასრულებენ – მაგალითად, დარბაზების შემოვლისას დაცვის წევრებს დაყვებიან. მუზეუმის ყველაზე ცნობილი მუშაკი–კატა, მაიკი 1909-1929წწ. ყოველდღიურად მორიგეობდა მუზეუმის შესასვლელში.

ერმიტაჟი, სანქტ–პეტერბურგი

სანქტ–პეტერბურგის ერმიტაჟის მუზეუმში ერთდროულად რამდენიმე კატა შრომობს. უკვე 300 წელია ისინი ექსპონატებს იცავენ. კატების ბატალიონის შექმნის ბრძანება ჯერ კიდევ ეკატერინე მეორემ გასცა. ახლა ერმიტაჟში დაახლოებით 60 კატა ცხოვრობს. ყველა მათგანს სპეციალური საყელური უკეთია. აღსანიშნავია, რომ მუზეუმში ყოველწლიურად აღინიშნება “ერმიტაჟის კატის დღე”.

ტორე–არჯენტინას მოედანი, რომი

დაახლოებით ასი წლის წინ, ტორე არჯენტინას მოედანზე ანტიკური ფორუმის ნანგრევები აღმოაჩინეს. ამგვარი მოედანი, ღია ცის ქვეშ მდებარე მუზეუმი გახდა – თუმცა იქ არქეოლოგიური ძეგლების გარდა, კატებიც არიან. აღსანიშნავია, რომ კატების რაოდენობა რამდენიმე ასეულია. როდესაც არქეოლოგებმა გათხრების წარმოება დაიწყეს, ნანგრევებიდან ქალაქს მღრღნელების ჯარი შეესია. მათთან საბრძოლველად ქალაქში უსახლკარო კატების “სპეცდანიშნულების რაზმი” ჩამოიყვანეს. 2001 წელს ტორე არჯენტინას კატები ოფიციალურად აღიარეს უძველესი ქალაქის ბიო–ისტორიულ მემკვიდრეობად და ღირსშესანიშნაობად.

კატების მუზეუმი, შიაულიაი

ეს მუზეუმი ლიტვაში 1990 წელს გაიხსნა და ის 10 000–ზე მეტ ექსპონატს ითვლის. მუზეუმის დამფუძნებელმა, ფარმაცევტმა ვანდა კავალიაუსკენემ პირველმა მიიტანა ექსპონატები, ის კატების ფიგურებს 30 წლის განმავლობაში აგროვებდა. მუზეუმში ცხოვრობენ კატები, რომლებსაც “პან დირექტორს” და “პანა დირექტორს” უწოდებენ. ისინი სტუმრებს მუზეუმის დერეფანში ხვდებიან და კარამდე აცილებენ.

ერნესტ ჰემინგუეის სახლი, ფლორიდა

კატები, რომელბიც აქ ცხოვრობენ, თავისთავად ისტორიის ნაწილი არიან. რამდენიმე ათეული კატა, კნუტის, სნოუბოლის შთამომავლები არიან, რომელიც ერნესტ ჰემინგუეის 1935 წელს აჩუქეს. სნოუბოლს თათებზე 6 თითი ჰქონდა და ეს თავისებურება მის შთამომავლებსაც გადაეცათ. 2007 წელს კატები ეროვნულ განძად აღიარეს და ბევრი ტურისტი ფლორიდაში სწორედ მათ სანახავად ჩამოდის. სხვათა შორის, მათ მწერლის საწოლზე სძინავთ.

ხელოვნების მუზეუმი, ოკლაჰომა

მუზეუმ ფილბრუკში კატებს ტრადიციულად “ბაღის მცველების” როლი აქვთ. 2011 წელს ექსპერიმენტი ჩატარდა: კატები პერილია და ასერი ვიდეოოპერატორებად “დანიშნეს”. მათ საყელურებზე ვიდეოკამერები დაამაგრეს, რის შემდეგაც მოპოვებული მასალა მუშავდებოდა და Youtube–ზე ქვეყნდებოდა.

“სახალხო სასახლე”, გლაზგო

კატა სმაჯი გლაზგოს “სახალხო სასახლის” სიმბოლო გახდა. მან აქ მუშაობა 1979 წელს დაიწყო. ის სასახლეს მღრღნელებისგან იცავდა და პროფკავშირის წევრიც გახლდათ. 1990 წელს სმაჯმა “კულტურის კატა 1990″–ის ტიტული დაიმსახურა. თუმცა, ერთი წლის შემდეგ მუზეუმის ხელმძღვანელობა შეიცვალა და მათ ცნობილი კატის სასახლიდან გაგდება გადაწყვიტეს. კატა სიბერისგან რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა. ახლა “სახალხო სასახლის” შესასვლელთან სმაჯის სახელობის მემორიალური დაფაა განთავსებული.

“კატების კაბინეტი”, ამსტერდამი

“კატების კაბინეტი” ამსტერდამში 1990 წელს, მილიარდერმა უილიამ მეიერმა გახსნა. მან გადაწვიტა ეს საყვარელი კატის, ჯონ მორგანის ხსოვნისთვის გაეკეთებინა. აქ ყველა სახის ხელოვნების ნიმუშს ნახავთ, რომელიც კატებს მიუძღვნეს. სხვათაშორის, რემბრანდტი და პიკასოც მოხვდნენ კოლექციაში. რა თქმა უნდა, კაბინეტში ნამდვილი კატებიც ცხოვრობენ.

ისა კობაიასის მემორიალური მუზეუმი, ნაგანო

ცნობილი იაპონელი პოეტის, ისა კობაიასის მემორიალურ მუზეუმში კატა სახელად სორა თვითნებურად დასაქმდა. ის თავის პატრონთან ერთად მუზეუმთან ახლოს ცხოვრობდა, ამიტომ სეირნობისას გადაწყვიტა, ჯერ მუზეუმის ეზო შეესწავლა, შემდეგ კი ოთახებში დაიწყო მორიგეობა. ამ ყველაფრის შემდეგ სორა “სპეციალური დირექტორის” თანამდებობაზე დანიშნეს. მისი მოვალეობაა, მუზეუმის სტუმრებმა ბოლომდე შეიგრძნონ ისა კობაიასის პოეზია.

ბულგაკოვის სახლი, მოსკოვი

კატა ბეჰემოტი, რომან “ოსტატი და მარგარიტას” პერსონაჟი – მოსკოვში მდებარე “ბულგაკოვის სახლის” ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ექსპონატია. ამ თანამდებობაზე კატა სპეციალური კონკურსით შეარჩიეს. მოთხოვნების სია ასეთი იყო: კატა უნდა იყოს აუცილებლად შავი, დიდი, სოლიდური. თუმცა, სახლ–მუზეუმის ყველა სტუმარს კატის ნახვა როდი შეუძლია, ბეჰემოტი თავისუფლად სეირნობს შენობაში და სტუმრებს მხოლოდ მაშინ ხვდება, როცა ეს თავად სურს.