მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლობები ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდს ბოიკოტს უცხადებენ

1289

ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლობები ბოიკოტს უცხადებენ ახლადშექმნილ ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდს.

“ჩვენი ბოიკოტი იქნება ყოვლისმომცველი და ხმაურიანი, მასში ჩაერთვება საერთაშორისო სამწერლო საზოგადოება, ჩვენ მოვძებნით ალტერნატიულ ხერხებს ჩვენი წიგნების დასასტამბად – ეს იქნება დროებითი ზომა, ჩვენს სრულ გამარჯვებამდე, ხსენებულ სფეროში სტატუს კვოს აღდგენამდე და სრულ სამუშაო პროცესში დაბრუნებამდე.

ესაა მწერალთა ინდივიდუალური პროტესტი. ყოველი ხელმომწერი პირადად აგებს პასუხს თავის პოზიციაზე, გმობს “მწერალთა სახლისა” და “ქართული წიგნის ეროვნული ფონდის” ერთ ორგანიზაციად გაერთიანებას და მხარს უჭერს ახალშექმნილი “ქართული ლიტერატურის ფონდის” ბოიკოტს”, – წერია წერილში.

მათი განცხადებით, სრულიად უგულებელყოფილია პარიზის 2021 წლის წიგნის ბაზრობისთვის მზადების საჭიროებანი.

„ბოლო ხანებში გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ქვეყნის ღირსეულად მსახურებისთვის ჩვენი სფეროს ადამიანები მხოლოდ ისჯებიან. მაგრამ ქართველი მწერლები, როგორც ხელოვანი ადამიანების ერთობა, თუნდაც როგორც მის გარეთ მდგომი ცალკეული ხელოვანები, ასევე არ ვაღიარებთ ასეთი ხელისუფლების, ასეთი მინისტრების და მათი მოადგილეებისმორალურ უფლებას, შეგვიცვალონ სამუშაო გარემო“, – წერია მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების წერილში.

„ლიტერატურის ეროვნული ფონდი“ სსიპის, „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა“ და „მწერალთა სახლის“ გაერთიანების ბაზაზე შეიქმნა.

„ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ დირექტორად ირმა რატიანი დაინიშნა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ის ლიტერატურათმცოდნეა და მისი ინიციატივით, საქართველოში შედარებითი ლიტერატურის ქართული საერთაშორისო ასოციაცია დაფუძნდა, 2008-2012 წლებში ირმა რატიანი ამ ასოციაციის პრეზიდენტი, ხოლო  2102 წლიდან დღემდე მისი საპატიო პრეზიდენტია.

4 მაისს „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა“ და „მწერალთა სახლის“ გაერთიანების საკითხზე კომენტირებისას გიორგაძემ „ქრონიკის“ ეთერში თქვა, რომ გადაწყვეტილება მასშტაბური რეფორმის ნაწილია.