ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება

950

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება და მისი სავარაუდო ღირებულება 5.5 მილიონ ლარზე მეტია.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ახალ ორსართულიან მუზეუმში განთავსდება საკონფერენციო დარბაზი, ფონდსაცავი, ბიბლიოთეკა, მედიათეკა და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცე. მათივე ცნობით, შენობა იქნება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების და სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის, მოეწყობა მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაც.

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1984 წელს გაიხსნა, მაგრამ 1991 წლის ძლიერმა მიწისძვრამ პრაქტიკულად ღია ცის ქვეშ დატოვა. მუზეუმში დაცული ექსპონატების მდიდარი კოლექცია დღემდე ავარიულ შენობაშია მოთავსებული.

„მუზეუმში ინახება მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველ-ბეჭდური წიგნები, ფოტომასალები, ხელნაწერი წიგნები, ხელნაწერი ისტორიული საბუთები და სხვადასხვა მცირე კოლექციები, ეკლესიის რელიეფები და ლაპიდარული წარწერებიანი ქვები. სულ 14 000 ძირითადი და დამხმარე ექსპონატი, რომლებიც წლებია არასათანადო პირობებში ინახება“, – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაახლოებით ორი კვირის წინ დააანონსა.