ოპერატორთა საერთაშორისო კინოფესტივალზე MANAKI BROTHERS 4 ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი. ინფორმაცია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
14 – 21 სექტემბერს მაკედონიის ქალაქი ბიტოლა უმასპინძლებს ოპერატორთა საერთაშორისო კინოფესტივალს MANAKI BROTHERS. ფესტივალზე, რომლის ფოკუს ქვეყანა წელს საქართველოა, შემდეგი 4 ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი:
რუსუდან გლურჯიძის “სხვისი სახლი”;
თინათინ ყაჯრიშვილის “პატარძლები”;
მარიამ ხაჭვანის “დედე”;
ლევან კოღუაშვილის “შემთხვევითი პაემნები”.
MANAKI BROTHERS კინოოპერატორთა ერთ-ერთი უძველესი კინოფესტივალია, რომელიც მაკედონიის კინოპროფესიონალთა ასოციაციის ინიციატივით 1979 წელს დაარსდა. იგი ცნობილი ოპერატორი ძმების – იანაკი და მილტონ მანაკების სახელს ატარებს.
ფესტივალის ჯილდო “კამერა 300” არა ერთი წარმატებული კინემატოგრაფისტისთვის გადაუციათ. მათ შორის არიან მსახიობები: დერილ ჰანა, კატრინ დენევი, იზაბელ იუპერი და ჟულიეტ ბინოში. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს “კამერა 300”-ის მფლობელი ქართველი ოპერატორი მინდია ესაძე გახდა, მარიამ ხაჭვანის მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის “დინოლა”.