პანკისში მსახიობს თავს დაესხნენ, დაწყებულია გამოძიება

715

პანკისის ხეობის სოფელ დუისში, რამდენიმე ახალგაზრდა თავს დაესხა მსახიობს, რომელსაც შორტები ეცვა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც თანამდებობის პირებმა და ჟურნალისტებმა, რომლებიც დღეს, დუისში, იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ, ხეობა დატოვეს.

მოძრაობის თეატრის მსახიობები ცენტრის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.

როგორც პანკისის სათემო რადიოს თვითმხილველებმა უთხრეს, ადგილობრივი ახალგაზრდები აპროტესტებდნენ, რომ მსახიობი პანკისში შორტებით იმყოფებოდა და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „მსახიობი გზის მეორე მხარეს წყლის დასალევად გადადიოდა. ამ დროს მივარდნენ. ჯერ სახეში ჩაარტყეს და მერე წიხლი ამოარტყეს“, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა მსახიობი მისივე უსაფრთხოების მიზნით, მანქანაში ჩასვეს.

პანკისის სათემო რადიოს კორესპონდენტის ცნობით, მანქანაში მყოფ მსახიობთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი მივიდა და უსაყვედურა, „რატომ შეყარა ქვეყანა, როცა შეეძლო, რომ იქვე მდებარე პოლიციის შენობაში შესულიყო და მათ დალაპარაკებოდა“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში პანკისის სათემო რადიოს უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

დუისში იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრის გახსნის შემდეგ, ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებაც მოეწყო, ხმამაღალი მუსიკით და წარმოდგენით. ღონისძიების მიმდინარეობის დროს, იქ შეკრებილი ადგილობრივი ახალგაზრდები სცენისკენ ე.წ. „ხლაპუშკებს“ ისროდნენ. რამდენიმე მათგანმა განმარტა, რომ მუსიკა პანკისში მათთვის მიუღებელია.