პოლ დელვო 1897 წლის 23 სექტემბერს, ბელგიაში, ლიეჟის პროვინციაში დაიბადა. დელვოს მუდამ იტაცებდა არქიტექტურა, მაგრამ ნატიფ ხელოვნებათა სამეფო აკადემიაში გამოცდების ჩაბარების შემდეგ, დელვოს ფერწერის კურსზე გადასვლა ურჩიეს, იქ კი მისი მასწავლებელი კონსტან მონტალი გახდა. დელვო არქიტექტორ–ფერმწერი გახდა, რომელიც შესანიშნავ შენობებს და რთულ ნაგებობებს ტილოებზე ხატავდა.

პოლ დელვო სიურრეალიზმის წარმომადგენლად ითვლება, თუმცა ის არასოდეს ყოფილა მოძრაობის წევრი და არც მათ მანიფესტზე მოუწერია ხელი.

1934 წელს პოლ დელვომ ბრუსელში სიურრეალისტების გამოფენა “მინოტავრი” მოინახულა, რომლის შემდეგაც მისი შემოქმედება შეიცვალა. ამავე გამოფენაზე გაიცნო ჯორჯო დე კირიკო. მაქს ერნსტი, რენე მაგრიტი და სალვადორ დალი.

1930–იან წლებში ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლეში, დელვო და მაგრიტი ერთობლივ გამოფენას მართავენ. პოლს მკვეთრად ეტყობა რენე მაგრიტის გავლენა: ცისფერ ცაზე გამოსახული მთვარე, მამაკაცები შავ კოსტუმებში, მინიმალიზმი, სიმბოლოები და ფილოსოფია.

1938 წელს პოლ დელვო მონაწილეობას იღებს საერთაშორისო სიურრეალისტურ გამოფენაში, რომლის ორგანიზატორიც ანდრე ბრეტონი იყო.

“ჯორჯო დე კირიკოს წყალობით მე გავითავისე გამოხატვის შესაძლებლობა, ატმოსფერო, რომელიც უნდა გამომეხატა, ჩუმი ქუჩების ატმოსფერო, რომლებსაც ვერ დაინახავ. მე არასოდეს მიკითხავს – არის ეს სიურრეალიზმი თუ არა”, – ამბობდა დელვო.

1950–იანი წლებიდან პოლ დელვო ასწავლიდა ფერწერას, უწევდა ორგანიზებას პერსონალურ გამოფენებს, ხოლო 1982 წელს მისი ნამუშევრების მუზეუმი გაიხსნა.

“მე ყველა მოძრაობის პერიფერიაზე ვიმყოფები. არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე ჯგუფის წევრი. “იზმები” არ მიყვარს”, – განმარტავდა მხატვარი.

პოლ დელვო 1994 წლის 20 ივლისს გარდაიცვალა.









