პრინცი ჰარი და ოპრა უინფრი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გადაცემას წაიყვანენ

568

2020 წლიდან, ახალ მაუწყებელზე -Apple TV+  გავა დოკუმენტური გადაცემების ციკლი, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის თემებს განიხილავს. სატელევიზიო შოუს სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარი და ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი წაიყვანენ. აღსანიშნავია, რომ  გადაცემის პროდუსერებიც ისინი იქნებიან.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, დოკუმენტური სერიები რამდენიმე ნაწილად იქნება დაყოფილი და შეეხება როგორც ფსიქიკურ აშლილობას, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობას.გადაცემის ნაწილი ჰარის პირად გამოცდილებაზე იქნება აგებული – მას, არაერთხელ უსაუბრია, რომ პრინცესა დიანას გარდაცვალების შემდეგ, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. 

„გადაცემის მიზანია,მაყურებელს დაეხმაროს საკუთარ პრობლემებზე გულახდილი საუბრის დაწყებაში. გარდა ამისა, აჩვენოს, როგორ დააღწიონ თავი ამ პრობლემას და არა მხოლოდ გადარჩნენ, არამედ პიროვნულადაც განვითარდნენ, – ამბობს ოპრა უინფრი.

იმედი გვაქვს, გადაცემათა ციკლი იქნება პოზიტიური, შემეცნებითი და ინკლუზიურიშევძლებთ, მაყურებელს ვუამბოთ ადამიანის სულზე, ფსიქიკაზე, იმაზე, თუ როგორ გვესმოდეს უკეთ საკუთარი თავისა და გარშემომყოფების, – განმარტავს სასექსის ჰერცოგი.

მედიის ინფორმაციით, ოპრა უინფრი Apple-ის მაუწყებელთან თანამშრომლობას 2018 წელს დასთანხმდა, მაშინ, როდესაც პროექტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესში იყო.  „ეფლმა“, მომხმარებელს, ახალი სტრიმინგ მომსახურება Apple TV+ 2019 წლის მარტში წარუდგინა.

ოპრამ აღნიშნა, რომ ახალი გადაცემა მისთვის დიდი გამოწვევაა, დოკუმენტური სერიების თემა კი ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია. 

ჯერჯერობით, უცნობია, რა ერქმევა სატელევიზიო გადაცემათა ციკლს, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, თითო ეპიზოდის ქრონომეტრაჟი დაახლოებით 45 წუთი იქნება.

ირინკა ფაღავა