პოპულარული მსახიობი შონ ბინი უარს ამბობს როლზე, თუ მის პერსონაჟებს სიკვდილი ელის. ამის შესახებ The Sun წერს.
„უკვე ბევრ როლზე ვთქვი უარი. მაყურებელი ხვდება, რომ ჩემი პერსონაჟი მოკვდება, რადგან მას მე ვთამაშობ. გადარჩენა უნდა დავიწყო, თორემ ყველაფერი ადვილად პროგნოზირებადი ხდება“, – ამბობს ბინი.
60 წლის მსახიობი ეკრანზე 23-ჯერ „მოკვდა“. ყველაზე პოპულარული როლები მან პიტერ ჯექსონის ტრილოგიაში „ბეჭდების მბრძანებელი“ და HBO-ს პოპულარულ სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ შეასრულა.
მისი პერსონაჟები ფილმებში იმდენად ხშირად კვდებიან, რომ 2014 წელს სოციალურ მედიაში კამპანიაც კი წამოიწყეს, სახელწოდებით „არ მოკლათ შონ ბინი“. თავად მსახიობმა კი მის მიერ შესრულებული პერსონაჟების სიკვდილის საყვარელ სცენად „ბეჭდების მბრძანებელში“ ბორომირის სიკვდილი დაასახელა.