ზეთის საღებავი ზეთისა და პიგმენტის არევის, ზოგჯერ კი სხვა კომპონენტების დამატებით შედეგად მიიღება, თუმცა ხარისხისა და ფერის მიხედვით მისი ფასი იცვლება. ერთი ლიტრი საღებავი შესაძლოა 285-1000 დოლარი ღირდეს.

ზეთის საღებავები ასეული წლების მანძილზე გამოიყენება. ზოგადად, ზეთის საღებავი რენესანსის პერიოდს უკავშირდება, თუმცა ყაყაჩოს თესლისგან მიღებული საღებავით ხატვა ბევრად ადრეულ პერიოდში იყო გავრცელებული (ავღანეთი VII საუკუნე). უნდა აღინიშნოს, რომ ეს საღებავი არასდროს ღირდა იაფი, ყაყაჩოდან მიღებული პიგმენტი ძალიან ძვირად ფასობდა. კარგი საღებავის მისაღებად კი კარგი ხარისხის დიდი რაოდენობით პიგმენტია საჭირო.

რაც უფრო მაღალი ხარისხისაა პიგმენტი, მით უფრო დიდხანს იქნება ის ტილოზე და მკვეთრი დარჩება მისი ფერი. უმაღლესი ხარისხის საღებავებში პიგმენტის შემცველობა 75%–ზე მეტს შეადგენს.

პიგმენტის მოპოვება არც დღესაა ადვილი, ხოლო საუკუნეების წინ ეს უდიდეს შრომას მოითხოვდა. მაგალითად, რომის იმპერიაში იმპერატორთა საყვარელი ფერი მეწამული იყო. მის პიგმენტს ზღვის ლოკოკინების ჯირკვლებიდან იღებენ. 2 გრამი პიგმენტის მისაღებად, 12 000 ლოკოკინაა საჭირო. ინდოეთში ყვითელ საღებავს მანგოს ფოთლებზე გაზრდილი ძროხის შარდიდან იღებდნენ. XVI-XIX საუკუნეებში კი ყავისფერი ფერის მისაღებად ეგვიპტურ მუმიებს იყენებდნენ. ყველაზე ძვირადღირებული ფერი ულტრამარინი იყო, მას ლაზურიტის დაფშვნით იღებენ. 1 კილოგრამი პიგმენტი საშუალოდ 30 000 დოლარი ღირს. რენესანსის პერიოდში ფერი იმდენად ძვირი ღირდა, რომ მას მხოლოდ ღვთისმშობლის სამოსელის დასახატად იყენებდნენ.

დღეს ბევრი პიგმენტის სინთეტიკური ანალოგი იწარმოება, რაც ფასზეც აისახება და ბევრად იაფია. თუმცა, თავად წარმოება კვლავ ძვირი სიამოვნებაა. მაგალითად, ლურჯი კობალტი, რომელიც ალუმინის ზოგიერთი ნაერთისგან მიიღება, 1200 გრადუსზე უნდა დამუშავდეს. ყველა კომპონენტის ერთმანეთში არევასაც თავისი წესები აქვს. პიგმენტის რაოდენობის სიზუსტეზეა დამოკიდებული რა ფერს მიიღებს მწარმოებელი.

მხატვრებს სურთ დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათ მიერ შექმნილი ნამუშევრები ასობით წლის შემდეგაც არ დაკარგავენ ფერებს.