როგორ მოხვდნენ ქართველები მაიკროსოფტის პროგრამაში

642

მაიკროსოფტის პროგრამაში რომელიც მაღალტექნოლოგიური სტუდენტების სტარტაპებს ავლენდა, ქართველებმაც მიიღეს მონაწილეობა.

Allart.ge SYSTEM CORP.-ის დამფუძნებელს, ლუკა ჩხეტიანს ესაუბრა.

– „მაიკროსოფთის“ კონკურსისფარგლებში, მონაწილე გუნდებს სასწავლო პროცესში არსებული ესა თუ ის პრობლემა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით უნდა გადაეჭრათ. SYSTEM CORP.-მა 3 ეტაპი გაიარა,მოგვიყევით ვრცლად ამ სამი ეტაპის შესახებ

– AI Guardian-ის ორგანიზება მაიქროსოფტის მიერ მოხდა წელს პირველად, და მისი იდეაა იმ მაღალტექნოლოგიური სტუდენტების მიერ წამოწყებული სტარტაპების გამოვლენა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებით რეალურ პრობლემებს ჭრიან.
წლევანდელი მითითების შესაბამისად, რომელიც მოიცავდა სასწავლო პროცესში არსებული მსოფლიო მასშტაბის პრობლემის აღმოფხვრას, სადაც  SYSTEM CORP.-მა წარადგინა პროექტი Echo-ს მუშა პროტოტიპი. ჩემპიონატის 3 ეტაპი შედგებოდა მაიქროსოფტის მიერ ტექნოლოგიისა და ბიზნეს მოდელის ღრმა შესწავლისაგან, შესაბამისად ვალიდაციის შედეგად გუნდმა გადალახა 3-ივე ეტაპი და 11 აპრილს მიიღო მონაწილეობა ფინალურ ეტაპში – Final Shark Tank მსოფლიოს მასშტაბით 5 გუნდს შორის. ეტაპები რეალურად იყო პროფესიონალურად ორგანიზებული, რათა მაქსიმალურად “გაეცხრილათ” ჩემპიონატი  გუნდებისაგან, რომლებსაც კარგი იდეები ჰქონდათ, თუმცა მის ხორცშესხმას ვერ შეძლებდნენ. შესაბამისად, მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ – გავიარეთ ტექნოლოგიური ვალიდაცია, და საქართველო კიდევ ერთხელ მოვნიშნეთ მსოფლიო რუკაზე, როგორც ტექნოლოგების შემქმნელი სახელმწიფო.

– ახლა კონკრეტულად ვისაუბროთ პროექტ “ექოზე”.. რითია ის გამორჩეული და რას სთავაზობს მომხმარებელს?

– პროექტი Echo არის კონტექსტზე ორიენტირებული ჟესტური ენის ტექსტში, და შემდეგ აუდიო ფორმატში, და პირიქით – ტექნოლოგია, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში არსებული 466 მილიონი სმენადაქვეითებული პირის სრულ ინტეგრაციას როგორც საგანმანათლებლო, ასევე საჯარო და კერძო სფეროებში, რეალურ დროში ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე სპეციფიკური მძლავრი მოდელის გამოყენებით. გამორჩეულობას რაც შეეხება, არსებობს ბაზარზე ტექნოლოგიები, რომელიც ჟესტურ ენას გარდაქმნის აზრიან ტექსტში, და შემდეგ ხმოვან ფორმატში, თუმცა არა პირიქით. შესაბამისად პრობლემას, რომელსაც ვაწყდებით, რეალურად გადაჭრა არ აქვს – 457 მილიონი ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით ვერ იღებს განათლებას ჟესტურ ენაში. ამიტომაც, ბაზარი საჭიროებს არსებული ხმოვანი და ტექსტური მასალის ჟესტურ ენაში ტრანსკრიბციის გზას, გადაჭრას, რათა მოხდეს ამ ადამიანების მაქსიმალური ინტეგრაცია როგორც საგანმანათლებლო, ასევე სხვა ნებისმიერ სფეროში.

 – მოდი ახლა გვიამბე კომპანია “სისტემ კორპის” შესახებ. როგორც ვიცი 3 წლის წინ დაარსდა… როგორია ამ 3 წლის განმავლობაში მისი განვითარება?

– SYSTEM CORP.-ის ამბავი 3 წლის წინ, სან დიეგოს უნივერსიტეტში (საქართველო) დაიწყო. დასაწყისისთვის, კომპანია პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობდა, შემდეგ კი, ამ გზით მიღებული რესურსის გამოყენება ხელოვნურ ინტელექტთთან დაკავშირებულ კვლევებში დაიწყო. ამჟამად, კომპანიაში 30 ადამიანია დასაქმებული. ჩვენი რეკრუტინგული სტრატეგია კი საკმაოდ საინტერესოა: „ვეძებთ ძალიან სასიამოვნო და განსხვავებული ინტელექტის მქონე სტუდენტებს, ათას ადამიანში რომ გამოარჩევ რატომღაც, ისეთებს. აგვყავს სამსახურში და ვასწავლით ტექნოლოგიებს.  საქართველოს ბაზარი არის საკმაოდ მწირი ამ სფეროში პროფესონალების თვალსაზრისით, და ეს გულახდილად უნდა ითქვას. პრობლემებს ვხედავ ასევე დიდი კომპანიების თვალსაზრისითაც, რომლებიც ბევრ შანსს უშვებენ ხელიდან იყვნენ საინტერესო, სამაგალითო კომპანიები და გარისკონ ახალი უმაგრესი ტექნოლოგიების იმპლემენტაცია. რადგან, ჩვენი ბაზარი არ შეიძლება გახდეს წარმატებული რისკების გარეშე, ლოგიკურად. ამას მიხვდნენ სხვა მეგობარი სახელმწიფოები, და შესაბამისად მათი ტექნოლოგიური შესაძლებლობები ბევრად დიდია ამჟამად, ვიდრე საქართველოში. თუმცა, მსგავსი პრობლემების არსებობა არ გვაშინებს, და არ გვიქრობს მოტივაციას, პირიქით – თუ ბაზარზე სიმწირეა პროფესიონალების, ჩვენ შევქმნით, და ამას ასე გაბედულად ვიტყვით, დიახ. ჩვენმა რეკრუტინგულმა სტრატეგიამ აჩვენა 90%-იანი შედეგი, რაც გულისხმობს, რომ ყოველი 10 სტაჟიორიდან სასწავლო კურსების და მომზადების გავლის შემდეგ – 9 მათგანი წარმატებულად ერთვება პროდაქშენში. ასევე, აუცილებლად უნდა ითქვას ფატქი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისაგან მივიღეთ გრანტი ხელოვნური ინტელექტის ლოკალურ ბაზარზე განვითარებისათვის, და ამ პერიოდში აქტიურად ვთანამშრომლობდით, და ლოგიკურად ეხლაც საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრთან, რომელიც გვეხმარება ლოკალურ ბაზარზე საჭირო ნეთვორქინგში, და ასევე დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი სტაფის გადამზადებაში Startup Wise Guys მიერ ორგანიზებულ აქსელერატორში, სადაც ერთ-ერთი პროექტით გავედით, და მივიღეთ 5 კვირიანი კურსი ჩვენი ორგანიზაციის წევრებისათვის.

– თუ არის კიდევ სხვა პროექტები?

– ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით შევქმენით  იყო ალგორითმი, რომელსაც ადამიანის კარდიოგრამაზე დაყრდნობით სხვადასხვა დაავადების წინასწარმეტყველება, 97%-იანი აკურატულობით შეეძლო. „მსგავსი რამ, მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ 6 კომპანიას ჰქონდა გაკეთებული. MIT-ში გავაგზავნეთ ეს პროექტი და სამედიცინო სფეროში მიგვიწვიეს. იქიდან როგორც კი ჩამოვედით, წავედით „მაიქროსოფთში“ და Imagine Cup-ში ჩავერთეთ. სადაც, რეგიონალურ ქვეყნებში, მესამე ადგილზე გავედით. IBM-ს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კი დიალოგისას გვითხრა, რომ მათი გუნდისათვის ერთ-ერთი დიდი პრობლემის გადაჭრის გზა – კარდიოგრამის ექსტრაქცია მსგავსი ფერის უკანა ფონისაგან, იდეალურად იყო ჩვენს მიერ შემუშავებული, მათ გუნდს კი საკმაოდ დიდი რესურსი დაეხარჯა რათა კარგ აკურატულობამდე მისულიყვნენ.  ასევე, ერთ-ერთ გავლენიან ტექნოლოგიურ გამოცემაში IEEE, გამოაქვეყნეს ჩვენი კვლევა, რომელზე დაყრდნობითაც შევქმენით რობოტი. მას შეეძლო აღმოეჩინა ნაგავი ნებისმიერი ტიპის ზედაპირზე, უმცირეს გამოთვლით სიმძლავრეზე, სხვადასხვა დაბრკოლების მიუხედავად, მისულიყო დანიშნულების ადგილამდე, გზა დაემახსოვრებინა, შეეგროვებინა ნივთები და წასულიყო უკან. გარდა ამისა, ერთი წლის წინ ავაშენეთ ე.წ. GAN – Generative Adversarial Network-ის არქიტექტურაზე ე.წ. “მხატვარი ეი აი”, რომელიც მაქსიმალურად დამოუკიდებლად ქმნიდა ნახატებს შესაბამისი ბრძანების მიხედვით კონკრეტულ ჟანრში. ბოლო დროის პერიოდს რაც შეეხება, დავასრულეთ მუშაობა ხმოვან აგენტზე, რომელიც უპირობოდ ლიდერია ლოკალურ ბაზარზე სისწრაფითა და დანახარჯების თვალსაზრისით, რაც მისი კომერციალიზაციის შესაძლებლობას გვაძლევს, და, შესაბამისად ამ მომენტში ვმეგობრობთ ორ უდიდეს მედია ორგანიზაციასთან საქართველოში, რათა მოხდეს მათი იმპლემენტაცია. ასევე, დავუმეგობრდით ერთ-ერთ ლიდერ ორგანიზაციას სამედიცინო სფეროში ერთი ძალიან საინტერესო გადაჭრის შესაქმნელად. ამ პროექტზე მეტის თქმა სამწუხაროდ ამ მომენტისათვის არ შემიძლია, შედეგებს კი ივნისის ბოლოს ვიხილავთ.

– როგორც ვიცი საიტი www.flashbot.ai თქვენ გეკუთვნით და პირველები იყავით ვინც ქართულ ენაზე ოპტიმიზირებული ბოტების პლატფორმა შექმნა, თანაც უფასოდ.

– ფლეშბოტის შექმნა გამომდინარეობდა ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად – ბოტის შექმნა ჯდებოდა  საშუალო რეინჯით 5000- 10000 ლარი, და ამ “ფუფუნების” შესაძლებლობა მხოლოდ დიდ კომპანიებს ქონდათ. ჩვენ, შესაბამისად ერთ დღეს გადავწყვიტეთ, რომ ესეთი მარტივი ტექნოლოგია, რომელიც 60-იანი წლების შემდეგ არსებობს უნდა იყოს უკვე ყველასთვის უფასოდ, ან ძალიან იაფად ხელმისაწვდომი, და გავაკეთეთ პლატფორმა www.flashbot.ai. მიუხედავად იმისა, რომ გრანტი ვერ ავიღეთ, და ამასთან ერთად აბსოლუტურად სხვა კომპანიებმა მიიღეს დაფინანსება სახელმწიფოსგან 1 წლით ადრე, მაინც შევძელით და ავაშენეთ ეს პლატფორმა, და დღემდეც ერთადერთია ამ ბაზარზე. რეალურად, ვფიქრობ რომ კომპანია, რომელიც კომპიუტინგისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში მუშაობს და პრეტენზია აქვს რომ ლიდერია ლოკალურ ბაზარზე, არ უნდა ამაყობდეს ბოტების პლატფორმით, და ასეც არის კიდეც – გადავწყვიტეთ, რომ ფლეშბოტი უფასო იქნება ქართველი მომხმარებლისათვის აბსოლუტურად, და შემდეგ კვარტალში ვგეგმავთ open-source გავხადოთ, რაც ნიშნავს, რომ პროექტის მოდიფიკაციისათვის კონტრიბუცია შეეძლება ნებისმიერ მსურველ პირს, ნუ რა თქმა უნდა ინჟინერს (დეველოპერს), და ასევე ეს არის გარანტია, რომ პროდუქტი იქნება აბსოლუტურად უფასო.

– და ბოლოს მოგვიყევით რა გამოცდილება იყოთ ქვენთვის ეი აი გარდიანი და უახლოეს მომავალში რა გეგმები გაქვთ?

– ამაღელვებელი მომენტი იყო ჩვენთვის, გულახდილად რომ ვთქვა. რადგან, თითქოს არასერიოზულად გიღებენ ბიზნეს, და მით უმეტეს ტექნოლოგიების სფეროში, როცა 20 წლის ხარ, და რაღაც აზრით ვიგრძენით, რომ ჩვენი წარმატება მსოფლიო ბაზარზე – MIT, Imagine Cup, IEEE, და ბოლოს AI Guardian ესე მიყოლებით ჩვენი “ვალიდაცია” იყო, სანდოობის ამაღლება, სხვა სიტყვებით, და რეალურად გამოიღო შედეგი იმ შრომამ, რაც აბსოლუტურად არაკომერციულად გავწიეთ ამდენი წლის განმავლობაში.

– ამ ეტაპზე თუ გაქვთ რაიმე სიახლე?

– როგორც ავღნიშნე, ამ მომენტში ჩვენი ხელოვნური ინტელექტის გუნდი მუშაობს სამედიცინო მიმართულებით ერთ-ერთი ქართულ, საერთაშორისო დონის ორგანიზაციასთან. ვფიქრობთ, რომ ბაზარზე გვჭირდება მეტი ასეთი “რისკიანი” ორგანიზაცია, რომელიც ხვდება რომ ავტომატიზაცია ე.წ. “long run”-ზე ძალიან მომგებიანია ბიზნესისათვის და ასევე დიდი შენაძენია მარკეტინგული თვალსაზრისითაც. ვიმედოვნებ, რომ სხვა უზარმაზარი კომპანიებიც მიმართავენ მაღალტექნოლოგიურ გადაჭრებს და მეტ შანსს მისცემენ ლოკალურ ორგანიზაციებს რომ იმუშავონ საქართველოს ბაზარზეც პარალელურად, თორემ ალბათ, მარტივია მიხვდე, როდესაც ბაზარზე არ არის არც ინტელექტუალური შემსყიდველი პროდუქტის და არც ამ სფეროში ცოდნა არ იცვლება დროთა განმავლობაში, რათა მარკეტინგული ნაბიჯებით მოხერხდეს პროდუქტის გაყიდვა,  სხვა რა გზა გაქვს, თუ არა – შეცვალო სამუშაო ბაზარი.