სალომე ჯიბლაძე მესამე პერსონალური გამოფენისთვის ემზადება

2187

სალომე ჯიბლაძის ისტორია ძალიან საინტერესოა, მან უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ხატვა არ გააგრძელა. ყავდა ოჯახი, ამიტომაც გადაწყვიტა  შეექმნა ქსოვილები და დეკორატიული კერამიკა, რადგან ერთადერთ კლიენტურას, რომელსაც რაიმეს შეძენა შეეძლო, ტურისტები, უცხოელი დიპლომატები და სხვადასხვა რჯულის მანიპულატორები წარმოადგენდნენ. იმ დროს ხალხი საოჯახო სამკაულებს, ხელოვნების ნიმუშებს, ავეჯსაც კი, შეიძლება ითქვას, საჭმელზე ცვლიდა. სალომე ბედნიერი იყო, რომ შეეძლო თავისი წვლილი შეეტანა ოჯახის ბიუჯეტში, მაგრამ მის პირველ სიყვარულად მაინც ფერწერა რჩებოდა. როცა დრო ჰქონდა, ის თამამი, ძლიერი ფერების ტილოზე გადატანით ცდილობდა გაქცეოდა ყოველდღიურობის მოსაწყენ რუტინას.

შემდეგ ცხოვრება უფრო გაადვილდა, ქალიშვილიც შეეძინა და, როგორც ხშირად ხდება, სწორედ მაშინ დაატყდა ტრაგედიამ: საყვარელი ქმარი გარდაეცვალა. რამოდენიმე წელი ვერაფერს ქმნიდა – თითქოს გაშეშა და ჩაქრა, მაგრამ ისევ ხელოვნებამ გადაარჩინა.  მისი ფერები კიდევ უფრო ცოცხალი, კიდევ უფრო მკვეთრი გახდა. შემდეგ, საკმაოდ დიდი ხნის შესვენების მერე, 2016 წელს, სალომემ პირველი პერსონალური გამოფენა თბილისის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში, “ქარვასლაში” ჩაატარა. გამოფენას ერთი თემა არ აერთიანებდა, – საზღვაო სცენა და აფეთქებული იასამანი, ახალგაზრდა ქალბატონის ღრმა მწუხარება და უსასრულობაში მიმავალი მატარებელი, – მაგრამ ყველა ნახატი სიხარულის და ბედნიერების იმედით იყო გასხივოსნებული. გამოფენა ყველა სატელევიზიო არხებზე გაშუქდა. 12 ტილოდან ცხრამ ერთი კვირის განმავლობაში კერძო კოლექციებში გადაინაცვლა.

შემდეგ, მეორე პერსონალური გამოფენა 2017 წელს ( რომელიც ჩატარდა თბილისში FABRICA ცენტრში) და მეორე წარმატება: Pragma Art Group-მა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს, მთელი მისი გამოფენა ნიუ იორკში მიიწვია. სალომემ ახლა ახალი ტექნიკა და ახალი ფერები მოსინჯა. მისი ფერწერა კიდევ უფრო პირადი გახდა. მისმა სექსუალურმა და მგრძნობიარე ქალებმა სახეები დაკარგეს: ნაკვთები წაეშალათ, გაბუნდოვანდნენ, განზოგადნენ … 2017 წლის ნოემბერში ჩატარდა პერსონალური გამოფენა Kaufman Center- ის (129 W67th ქ., ნიუ-იორკი, NY 10023) მეორე სართულზე. ღონისძიება რამდენიმე სატელევიზიო არხმა გასშუქა. სალომეს ოქროს და ვერცხლის გოგონების უმრავლესობამ კერძო კოლექციებში დაიდო ბინა.

ამჟამად სალომე კიდევ ერთი პერსონალური გამოფენისთვის ემზადება და გეგმავს თხუტმეტი-ოცი ნამუშევრით წარსდგეს მაყურებლის წინაშე.

 ამ გამოფენას რომლისთვისაც ის ემზადება “ემოცია” ერქმევა და “ტერმინალში” ჩატარდება. ემოცია და განწყობა, ხშირად გვეშლება ერთი მეორეში. ემოცია მყისიერია, განწყობა დიდხანს მიგვყვება. ხშირად ვერც ვიგებთ როდის ჩამოგვიყალიბდა. ის ან დადებითია ან უარყოფითი.

სალომე ჯიბლაძის ნამუშევრები ემოციის ფართო სპექტრს მოიცავს. ბედნიერებიდან-ნაღვლიანობამდე, მარტოსულობიდან-მოლოდინამდე. ბეტონის კედლებში დატყვევებული მზე. უსახო სექსუალური ემოციური ქალის ფიგურებში გათავისებული ემოცია, ჩვენში გრძნობებს აღძრავს. გრძნობები ემოციის გამოხატულებაა.

სალომეს ნამუშევრები შესაძლებლობას გვაძლევენ ვიგრძნოთ მათი შიში, სირცხვილი, მარტოობა, სინანული და ამავდროულად მათი ინტერესი. ცნობისმოყვარეობა, აღტაცება, იმედი და მომავლის რწმენა. მის ნამუშევრებში მთავარი ფიგურებია, რომლებიც ფონს ერწყმიან და შესანიშნავად უყრიან თავს სიუჟეტს.

მისი გამოფენების სია კი ასე გამოიყურება:

2016 წელს „თბილისის სახელმწიფო მუზეუმში“ შედგა მისი პირველი პერსონალური გამოფენა.

2017 წელს თბილისში „ფაბრიკაში“.

2017 წელს ნიუ-იორკში „Kauffman Musical Center”-ში.

2019 წელს ჯგუფური გამოფენა ვენეციაში, “palazzo zenobio“-ში.

„ემოცია“- სალომე ჯიბლაძის მესამე პერსონალური გამოფენაა.