საქართველოში პირველად კინომცოდნეობის საერთაშორისო სკოლა გაიხსნება

758

ქართულ საზოგადოებაში, მის კულტურულ და სახელოვნებო ნაწილში, ათწლეულებია ისმის აზრი, რომ ეროვნული კინემატოგრაფი არც თუ სახარბიელო მდგომარეობაშია. ამ შემთხვევაში, უპირველესად, ახალი ქართული ფილმების ხარისხს გულისხმობენ და მთავარი კრიტიკაც სწორედ კინოშემქმნელებზე მოდის. ინფორმაციას ვებ პორტალი Cinemania.ge-ავრცელებს.

სწორედ ამიტომ, სულ მალე საქართველოში პირველად კინომცოდნეობის საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლა გაიხსნება.

პროექტის ორგანიზატორები ალექსანდრე გაბელია, ნინო მხეიძე და გიორგი გაბელია არიან.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი შინაარსის სკოლა, მგონი პირველად ჩატარდება და პროექტის ორგანიზატორები მაქსიმუმს გავიღებთ, რომ კინოთი დაინტერესებულ ახალგაზრდებისთვის ალტერნატიული სწავლების პრაქტიკა დავნერგოთ, რამაც სამომავლოდ უფრო მასშტაბური ხასიათი უნდა შეიძინოს. ვფიქრობთ რომ კინოს არამხოლოდ ესთეტიკური, არამედ სოციალური და პოლიტიკური განზომილებაც აქვს და საინტერესო იქნება როგორც ქართველი, ამასთანავე უცხოელი ექსპერტების მოსაზრებები, მათი გამოცდილება და სამომავლო გეგმები ეროვნული კინემატოგრაფების განვითარების ირგვლივ. იმედი გვაქვს რომ აღნიშნული სკოლა ჰერმეტულ კულტურულ სივრცეში ახალ სიტყვას იტყვის და ხელს შეუწყობს ზოგადად ქართული კინემატოგრაფის განვითარებას, რადგან ვთვლით რომ კინოკრიტიკის და სამეცნიერო დისკურსის უგულვებელყოფა, უშუალოდ ფილმების ხარისხზეც აისახება”, – ამბობს Cinemanias-სთან საუბრისას პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ალექსანდრე გაბელია.

პროექტის მიზანია არსებული პრობლემა უფრო ფართო კონტექსტში იქნეს განხილული და დაისვას კონკრეტული კითხვები: რა მდგომარეობაშია დღეს ამ დარგის თეორიული მხარე, თავად კინოს თეორია? სწავლების რა დონე გვაქვს ამ მხრივ აკადემიურ სასწავლებლებში? რა ძირითადი გამოწვევები უდგას ამ დისციპლინას მსოფლიოში?

შესაბამისად, ამა წლის ივლისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, მის ერთ-ერთ სამთო სასტუმროში, ყაზბეგში, ერთი კვირით ჩატარდება კინომცოდნეობის საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლა. პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო მკვლევარ-ექსპერტების ჩამოყვანას და ამ დარგის ქართველი ლექტორ-პროფესორების მოწვევას, რომლებიც სკოლის მონაწილეებს საკუთარ ხედვებს გაუზიარებენ და სხვადასხვა თემის შესახებ გამართავენ ლექციებს.

საზაფხულო სკოლა, რომელიც მოიცავს სასწავლო და პრაქტიკულ კომპონენტებს, გაიმართება 7 დღის განმავლობაში. მის ფარგლებში იმუშავებს 6 პლენარული სექცია:

▪ კინოს თეორია: წარსული და დღეს

▪ კინოენის არსი

▪ კინოკრიტიკის ისტორია

▪ კინოს თეორია ინტერდისციპლინარულ ჭრილში

▪ ქართული კინო დღეს და ახალი გამოწვევები

▪ კინოს სოციალური და პოლიტიკური განზომილება

ყოველ სამუშაო დღეს გაიმართება ორი ლექცია-სემინარი. გარდა ამისა, პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველდღე, ლექცია-სემინარების დასრულების შემდგომ, გაიმართება კინოჩვენება. ჩვენება დასრულდება დისკუსიით. თითოეულ ფილმზე განრიგით შერჩეული 2-3 სტუდენტი მომდევნო დღეს შემოგვთავაზებს ნაჩვენები ფილმის რეცენზიას, რომელიც საჯაროდ გაანალიზდება. ეს ფორმატი კიდევ უფრო გაზრდის დამსწრე სტუდენტების პროექტში ჩართულობასა და ენთუზიაზმს.

სეზონურ სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ:

გოგი გვახარია – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, კინომცოდნე, კინოთეორეტიკოსი, კინოკრიტიკოსი, ჟურნალისტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, კინომცოდნეობის პროგრამის ხელმძღვანელი

დინარა მაღლაკელიძე – კინომცოდნე, ჰუმბოლტის უნივერსიტეტის დოქტორი/მეცნიერ-მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; CreativeEurope-ის საქართველოს დესკის მედიაპროგრამის კოორდინატორი; ბერლინი

თეო ხატიაშვილი – ხელოვნებათმცოდნე, კინომცოდნე, დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი

ჯოვანი ვიმერკატი – კინომკვლევარი, კინოთეორეტიკოსი. ლონდონის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტის კინომცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული; ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტის მაგისტრი მედიაკვლევებში. მისი წერილები გამოქვეყნებულია გამოცემებში: TheGuardian, CinemaScope, SencesofCinema, IndieWire და ა. შ.

არმანფატიჩი – კინოკრიტიკოსი, კინომცოდნე. მარიბორისუნივერსიტეტისხელოვნებათმცოდნეობისმაგისტრი; სხვადასხვადროსბერლინალეს, ზაგრების, ვარშავისკინოფესტივალებისჟიურისწევრი. მისიწერილებიგამოქვეყნებულია FIPRESCI-ში.

ლექციებს წაიკითხავენ აგრეთვე პროექტის ორგანიზატორები:

ნინო მხეიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კინომცოდნეობის პროგრამის ხელმძღვანელი

ალექსანდრე გაბელია – კინოკრიტიკოსი, კინომცოდნე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დოქტორანტი

გიორგი გაბელია – სოციოლოგი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სოციოლოგიის დოქტორანტი

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მასშტაბით ყველა უნივერსიტეტის სხვადასხვა სასწავლო საფეხურის სტუდენტებს (მათ შორის სტატუსშეჩერებულ ან აკადემიურ შვებულებაში მყოფ სტუდენტებს), რომლებიც დაინტერესებული არიან კინოკრიტიკით და კინოს შესახებ სამეცნიერო მსჯელობით.

დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ კინომცოდნეობის საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლის ივენთის გვერდს.