საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს მწერელთა სახლისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 16-20 ოქტომბერს საქართველო ფრანკუფრტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით (Hall 5.0, B100) წარსდგება.
შარშან საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, კონცეფციით Georgia Made by Characters, საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგა. წარმატებული პროექტის შემდეგ, წელს საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო განახლებული სლოგანით მიემგზავრება – Follow the Journey of Georgian Characters.
პროექტის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი მწერლებისა და გამომცემლების მონაწილეობით, დაგეგმილია ოცამდე ლიტერატურული და ბიზნეს ღონისძიება. ათამდე ქართული გამომცემლობა ხუთი დღის განმავლობაში უცხოელ გამომცემლებს სხვადასხვა ფორმატში ქართულ ლიტერატურას გააცნობს. ბაზრობის მეორე დღეს კი, საქართველოს ეროვნული სტენდი ტრადიციულად უმასპინძლებს საზეიმო მიღებას, რომელსაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორები და მსოფლიო საგამომცემლო სფეროს პროფესიონალები დაესწრებიან.