ინგლისმა ვიქტორიანულ ეპოქაში დიდებული საქორწილო ტრადიციები აჩუქა მსოფლიოს. დღეს ბრიტანული ფლორისტიკა უკვე ორ სხვადასხვა მიმართულებაზე მუშაობს: თანამედროვესა და ტრადიციულზე.
ტრადიციის დასაბამი მხოლოდ ესთეტიკური მხარე არაა, ის რწმენასთან და ჰიგიენასთან იყო დაკავშირებული. ძველ დროში პატარძალს არომატული მცენარეებისგან შეკრული თაიგული ამშვენებდა და ის ბოროტი სულების განსადევნად იყო განკუთვნილი. ძველ რომსა და საბერძნეთში დღესასწაულების დროს ოთახებს მწვანილითაც კი რთავდნენ და ეს ნაყოფიერების სიმბოლო იყო. კელტებს სურო, ნარშავი და მანანა ერჩივნათ. ასევე საქორწილო თაიგულში ოხრახუშს ამატებდნენ, რადგანც ითვლებოდა, რომ ზუსტად ეს მწვანილი ზრდის სექსუალურ მოთხოვნილებას.
მე–18 საუკუნეში პატარძლისთვის არომატულ ნაკრებს, ფორთოხლის ხის ყვავილებს იყენებდნენ და ხშირად ის თმაში ან კაბაზე მაგრდებოდა. მე–19 საუკუნეში ბუნებრივი ყვავილი აბრეშუმის ანალოგმა შეცვალა, თუმცა ეს ძვირი სიამოვნება იყო. ტრადიცია სწრაფად გავრცელდა ინგლისსა და ევროპაში. თუმცა, სიძვირის გამო გოგონებმა მინდვრის ყვავილების გამოყენება დაიწყეს.
დედოფალი ვიქტორია

დღეს უკვე ცნობილია ის კონკრეტული ცერემონია, რომლის შემდეგაც პატარძლებმა სამეფო ოჯახებისა და ცნობილი ადამიანების მსგავსი ჩაცმულობისა და სამკაულების გამოყენება მასობრივად დაიწყეს. 1840 წელს ინგლისის დედოფალმა ვიქტორიამ იქორწინა. ამ ქორწილის ძალიან ბევრი ელემენტი დღესაც პოპულარობით სარგებლობს, მაგალითად: სტუმრებს მცირე საჩუქრებს ურიგებენ, პატარძლის მეჯვარეები კი ერთი ფერის ან ტონის ჩაცმულობას არჩევენ. დედოფალ ვიქტორიას მეუღლე, პრინცი ალბერტი გახდა პირველი მამაკაცი, რომელმაც კლასიკური ბუტონერი დაიმაგრა პიჯაკზე.
დედოფალმა კატალონიური მაქმანისგან შეკერილი ფატით, ბროლითა და მარგალიტით გაწყობილი თეთრი კაბა აარჩია. აქამდე პატარძლები წითელ ან შავ ფერს ანიჭებდნენ უპირატესობას.
რაც შეეხება სამეფო თაიგულს, ლეგენდარულმა დედოფალმა აქაც დასაბამი დაუდო ახალ ტრადიციას. ქორწილის კომპოზიცია სრულად შემკული იყო ენძელებით, ეს ხომ პრინც ალბერტის საყვარელი ყვავილი იყო.
ასევე მის თაიგულს მირტი ამშვენებდა, რომელიც ერთგულებისა და ქორწინების სიმბოლოა. ამის შემდეგ მირტი სამეფო ოჯახის საქორწილო თაიგულის მუდმივი შემადგენელი ნაწილია. აღსანიშნავია, რომ სამეფო კარისთვის დამზადებულ თაიგულებში ის მირტი გამოიყენება, რომლის ბუჩქიც თავად დედოფალმა ვიქტორიამ დარგო.
როგორც ცნობილია, ვიქტორიას წინაპრის, დედოფალ ანას თაიგული 15 ვარდის, 15 ორქიდეისა და 50 დუმფარისგან შედგებოდა, თუმცა საქორწილო ცერემონიის ფუძემდებელმა გადაწყვიტა ეს ტრადიცია მომცრო ზომის თაიგულით შეეცვალა. ვიქტორიას სჯეროდა, რომ თაიგულში შემავალ ყველა ყვავილს თავისებური დატვირთვა აქვს. მაგალითად, ვარდები სინაზეს, იასამანი – პირველ სიყვარულს, ზიზილები – უმანკოებას, ორქიდეა – მუდმივ ახალგაზრდობას, ფლერდორანჟი – სიმდიდრესა და ბედნიერებას, ბაბუაწვერა კი სიუხვეს ნიშნავდა.
დედოფალი ელისაბედ მეორე

პრინცესა ელისაბედის ქორწილი 1947 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გაიმართა. მის კაბაზე ამოქარგული ყვავილები დასადგურებული მშვიდობის სიმბოლო იყო. ბრიტანელი ფლორისტის მარტინ ლონგმანის მიერ შექმნილი თაიგული კი სამი სახეობის ორქიდეისგან შედგებიდოდა. ორქიდეებს გვერდს შროშანები და ჟასმინი უმშვენებდა.
ლეგენდის თანახმად ჯვრისწერის ცერემონიის შემდეგ თაიგული დაიკარგა, ამიტომ ლონგმანს ზუსტი ანალოგის შექმნა მოუწია, რათა პატარძალსა და მის საქმროს სამახსოვრო ფოტოსურათები გადაეღოთ.
პრინცესა დიანა

1981 წელს დიანა სპენსერი პრინც ჩარლზს გაჰყვა ცოლად და იმ წლების მოდის მიხედვით, თაიგულიც საკმაოდ დიდი ზომის დაამზადეს. ის სიგრძეში ერთი მეტრი იყო და დაახლოებით 3 კილოგრამს იწონიდა.
ქეით მიდლტონი

ქეით მიდლტონის საქორწილო თაიგულის შექმნისას ფლორისტებმა ორივე ოჯახის სურვილი მაქსიმალურად შეასრულეს. მიუხედავად იმისა, რომ თაიგული სადაა, ის საკმაოდ რთულად შედგენილ კომპოზიციას წარმოადგენს.
მეგან მარკლი

მსოფლიო დიდი ინტერესით ელოდა პრინც ჰარის ქორწილს. ცერემონიის გასაფორმებლად ფლორისტებმა უინძორების სასახლის ტერიტორიაზე მოყვანილი სეზონური მცენარეები აარჩიეს. მეგან მარკლს ხელში მომცრო ზომის სადა თაიგული ეჭირა, რომელსაც სხვა ყვავილების გარდა, დედოფალ ვიქტორიას მსგავსად მიტრის რტოები და პრინცესა დიანას საყვარელი ყვავილი, კესანები ამშვენებდა.