„სელას კვალდაკვალ – სვანეთი 130 წლის შემდეგ”

569

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას „სელას კვალდაკვალ – სვანეთი 130 წლის შემდეგ”. გამოფენა 7 ივნისიდან 7 ივლისამდე გაგრძელდება.

ექსპოზიცია, რომლის კურატორები არიან პიემონტელი ჟურნალისტი მონიკა, ელენა და სიცილიელი ფოტოგრაფი სალვატორე კოსტა, ეძღვნება ქალაქ ბიელაში დაბადებულ იტალიელ ალპინისტსა და ფოტოგრაფს, ვიტორიო სელას და მის ფასდაუდებელ ფოტომემკვიდრეობას: სამი ექსპედიციის დროს (1889, 1890 და 1896) გადაღებულ სურათებს, რომლებმაც იმდროინდელი საქართველოს პეიზაჟები და ადამიანთა სახეები შემოგვინახა.

გამოფენაზე, ვიტორიო სელას ფოტოსურათებთან ერთად, წარმოდგენილია მისი ექსპედიციებიდან 130 წლის შემდეგ გადაღებული ფოტო და ვიდეოგამოსახულებები, სადაც აღბეჭდილია, როგორ შეცვალა დრომ სვანეთის მთები, ადამიანები და ადგილობრივი ტრადიციები.

გამოფენა სრულად დაფინანსდა იტალიის საელჩოს მიერ და იმართება საქართველოს ეროვნულ არქივთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფესტივალ “ქოლგა თბილისი ფოტოსთან” და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით.

გამოფენის გახსნა: 7 ივნისი, 19:00 | 2019

გამოფენის ხანგრძლივობა: 7 ივნისი – 7 ივლისი | 2019