ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“ საერთაშორისო ფესტივალზე ნომინანტთა სიაშია

846

ქართული სამეცნიერო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“  მეღვინეობა-მევენახეობისადმი მიძღვნილი ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის კონკურსზეა (Oenovideo) ნომინირებული.

„ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“  იმ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევას ეძღვნება, რომელმაც ისტორიული აღმოჩენა გააკეთა და მეცნიერულად დაასაბუთა, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო და 8000 წლის წინ სწორედ ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ღვინის პირველი წარმოება, რაც უწყვეტად გაგრძელდა თანამედროვეობამდე.  ფილმი ასევე ასახავს 2017 წელს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში, „CitéduVin”, გამართულ ექსპოზიციას „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“, სადაც ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო მასშტაბით გახდა აღიარებული მეღვინეობის სამშობლოდ.

სამეცნიერო-მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი გადაღებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს „საქპატენტის“ მხარდაჭერით. გადაღებები სხვადასხვა დროს საქართველოსა და აშშ-ში, ასევე იტალიასა და საფრანგეთში მიმდინარეობდა. ფილმი სტუდია „სინემანი ფილმს“- ის ბაზაზეა გადაღებული. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მეღვინეობა-მევენახეობისადმი მიძღვნილი ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის კონკურსი ყოველწლიურად, საფრანგეთში, ქალაქ მარსელის „ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ცივილიზაციების მუზეუმში“ იმართება. წელს, ფესტივალის შესარჩევ ეტაპზე, მონაწილეობდა 144 ფილმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ნომინანტების სიაში კი მათგან მხოლოდ 37 მოხვდა, მათ შორის, „საქართველო ღვინის სამშობლო“.

რიგით 26-ე ფესტივალი წელს 13-16 ივნისს გაიმართება.