საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში გიწვევთ საულიუს პაუკშტისის ფოტოგამოფენაზე „ვილნიუსის სცენები – ვან დაიკის ყავისფერი პრინტები” თბილისის ისტორიის მუზეუმში.
გამოფენას სიმბოლურად შეიძლება დროის მანქანაც ეწოდოს – გამოსახულებები ერთმანეთთან აკავშირებენ წარსულსა და მომავალს და ქმნიან უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს ისტორიულ მეხსიერებასა და დღევანდელი ფოტოგრაფიის მიერ მოთხრობილ ამბებს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ფოტოები, რომლებიც ასახავენ ვილნიუსის შენობებსა და კომპოზიციებს შუა საუკუნეებიდან, დაბეჭდილია ვან დაიკის უნიკალური ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში დაპატენტდა. ხელნაკეთი ქაღალდი იფარება ვერცხლის ნიტრატის შემცველი ემულსიით, რომელიც შემდგომ თავსდება ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ. ეს ტექნოლოგია მგრძნობიარეა ქიმიური ნივთიერებების პროპორციებისა და ქაღალდის ხარისხის მიმართ. ამ კომპლექსური პროცესის დამსახურებით, თითოეული პრინტი უნიკალურია და ქაღალდის ტექსტურა მათ თითქოს გრაფიკული ნამუშევრების იერსახეს აძლევს.
გამოფენა 12 ივნისს18:00 საათზე გაიხსნება და 18 ივნისამდე გაგრძელდება.
გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია!