“Then We Danced”–ის პოსტერი Screen Daily-ს მთავარ გარეკანზე მოხვდა

867

კანის კინოფესტივალზე ქართველი მოცეკვავეების გეი სიყვარულზე გადაღებული, ქართულ-შვედური ფილმის – Then We Danced-ის  ფოტო, Screen Daily-ს მთავარ გარეკანზე მოხვდა. ფილმი რეჟისორმა ლევან აკინსმა გადაიღო, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.

„მერაბი ადრეული ასაკიდან მარისთან ერთად ცეკვავს ქართულ ნაციონალურ ანსამბლში. მისი სამყარო ამოყირავდება, როდესაც ქარიზმატული ირაკლი გამოჩნდება და მერაბს მის მიმართ ძლიერი ლტოლვა გაუჩნდება. ამ კონსერვატიულ გარემოში, მერაბს გათავისუფლება და რისკზე წასვლა უწევს”, – წერია ფილმის აღწერაში.

ფილმს, როგორც ადგილობრივი, ისე მოწვეული მედიასაშუალებებისგან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

Then We Danced-ის ჩვენებას ქართველი ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე დაესწრო, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა: „ძალიან, ძალიან კარგი ფილმი. დეტალები მოგვიანებით“.

კანის კონოფესტივალამდე საქართველოში ფილმს, მცირე სკანდალიც მოჰყვა.  როგორც ფილმის პროდიუსერი ქეთი დანელია აცხადებდა, კულტურის სამინისტროსგან კანში ჯგუფის გასამგზავერებელი თანხა, 2500 ლარი ვერ მიიღო, რომელზეც ზეპირი შეთანხმება არსებობდა.

მისივე თქმით, სამინისტროსგან მას შემდეგ მიიღო უარი, რაც ფილმის თრეილერი გახდა ცნობილი.