Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის “ქაღალდის სახლის” (La casa de papel) მსახიობი ხაიმე ლორენტე თბილისში ჩამოდის. ის საქართველოს დედაქალაქს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის “საჩუქრის” ფარგლებში ესტუმრება. ამის შესახებ ინფორმაცია ფესტივალის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.
“ქაღალდის სახლი” ესპანური კრიმინალური დრამაა, რომელიც მსოფლიოს Netflix-მა გააცნო. ის გამოსვლიდან მალევე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ არა ინგლისურენოვან სერიალად, რომელიც მილიონობით ადამიანმა ნახა.
“ქაღალდის სახლზე” ალაპარაკდა მთელი მსოფლიო, მათ შორის ქართული აუდიტორიაც. პირველი ორი სეზონის უდიდესი წარმატების შემდეგ მასში მონაწილე მსახიობების პოპულარობაც არნახული მასშტაბებით გაიზარდა.
უმეტესად ესპანელ მსახიობებს, რომლებმაც ყველას საყვარელი გმირები განასახიერეს და რომელთა სახელებიც მხოლოდ ადგილობრივი მასშტაბებით იყო ცნობილი, დღეს მსოფლიოს ყველა კუთხეში იცნობენ.
ხაიმე ლორენტე 23 ოქტომბერს რუსთაველის თეატრის სცენაზე კარლოტა ფერერის სპექტაკლში “ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი” ითამაშებს.