ქეთი დავლიანიძის „აფხაზეთი“

690

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ ქეთი დავლიანიძის გამოფენას – „აფხაზეთი“. ექსპოზიცია ანტისაოკუპაციო აქცენტით, აფხაზეთის თემაზეა და სიმბოლურად აგვისტოს ომის 11 წლისთავს ეძღვნება. ავტორს აფხაზეთთან პირადი ისტორია და სახლი აკავშირებს. პეიზაჟების და ემოციების გახსენება ფერებით მხატვრისთვის ერთგვარი გზაა მისი წილი აფხაზეთის დასაბრუნებლად. ქეთი დავლიანიძის გამოფენა მუზეუმის დროებითი გამოფენების დარბაზში 7 აგვისტოს გაიხსნება და 14 აგვისტომდე გაგრძელდება. აუდიო-ვიდეო ინსტალაცია, რომელიც გამოფენის ნაწილია, მივიწყებული ემოციების გამოღვიძებას, გულგრილობისა და აპათიის გადალახვას ისახავს მიზნად. ქეთი დავლიანიძის ფერწერული ტილოები მელიქიშვილის გამზირზე გაისეირნებს – გამოფენა რუსთაველის #7-ში თავად მივა დამთვალიერებელთან და ამ ფორმით ქეთის ხელოვნება შეახსენებს მას დიდი ხნის მივიწყებულ, ხელოვნურად დათრგუნულ გრძნობებს. ვიდეოინსტალაცია ასახავს გამვლელებისა და ნახატების შეხვედრას, ამ აქტით გამოწვეულ რეაქციებს, ემოციებს. ვიდეოარტის მიზანია, არ დავრჩეთ გულგრილნი და შევახსენოთ ჩვენს თავს ის, რასაც ვერ ვხედავთ, რაც არ უნდა დავივიწყოთ და რაც, ამავე დროს, ჩვენი განუყოფელი ნაწილია.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერული ტილოები: ბიჭვინთა სოხუმის ბულვარი რიწის ტბა გაგრიფში სოხუმის ხედი გულრიფში ქეთი დავლიანიძე – ფერმწერი, გრაფიკოსი, კინოს მხატვარი დაიბადა 1976 წლის 30 აგვისტოს თბილისში. 1993-1998 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის განყოფილებაზე. ქეთი ასევე სწავლობდა ყარამან ქუთათელაძის სახელოსნოში, 1998 წელს კი სერგო ქობულაძის სახელოსნოში. თანამედროვე დასავლური ფერწერის მხატვრული ტრადიციის შესწავლისა და საკუთარი სახვითი ენის ძიების პროცესში, ქეთი დავლიანიძისთვის უმნიშვნელოვანესია აბსტრაქტული ექსპრესიონიზმით გატაცება. სხვადასხვა სტილური ელემენტების სინთეზით, „დაწვეთების“ ტექნიკისა და გრაფიკული ნახატის საშუალებით შესრულებული კომპოზიციები ექსპრესიულობით გამოირჩევა. სტილური მრავალფეროვნება მხატვრის მაძიებელ ბუნებაზე მიუთითებს. დროის წარმავალობა, თანამედროვე სამყაროში ადამიანის მდგომარეობის არასტაბილურობა – ქეთი დავლიანიძის ფერწერული თუ გრაფიკული ნამუშევრების სათქმელია. გამოსახულებათა პირობითობით და მხატვრული დეფორმაციით მიღწეული სტილით, საგანთა სიმბოლიკითა და შესრულების გრაფიკულობით მხატვარი სამყაროს საკუთარი მოდელს ქმნის.

გამოფენები: 2019 – პერსონალური გამოფენა, სასტუმრო „სტამბა“

2018 – პერსონალური გამოფენა, გალერეა „ვერე“

2016 – პერსონალური გამოფენა, გალერეა „სფუმატო“

2016 – „ალტერნატიული კედლები“, ჩეკანო, იტალია

2015 – თბილისის მედიათეკის გაერთიანება

2013 – გალერეა „არტარეა“

2010 – თბილისის აუქციონის სახლი

2009 – „თიბისი ბანკის“ საგამოფენო დარბაზი

2007 – პერსონალური გამოფენა ამერიკის საელჩო

2007 – პერსონალური გამოფენა, გალერეა „ჰობი“

2005 – პერსონალური გამოფენა, ნიკოლოზ ბარათაშვილის მუზეუმი

2004 – საგაზაფხულო ჯგუფური გამოფენა, გალერეა „ჰობი“

2000 – სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 80 წლის იუბილე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი

1999 – თბილისის ისტორიის მუზეუმი, „ქარვასლა“

1995 – თანამედროვე ხელოვნების გალერეა. ქეთი დავლიანიძის ნამუშევრები დაცულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, ასევე კერძო კოლექციებში: ესპანეთი (ბარსელონა), გერმანია (ბერლინი, დიუსელდორფი), აშშ (ვაშინგტონი, ნიუ-იორკი, ატლანტა), რუსეთი (მოსკოვი).

მაო ჩუბინიშვილი