„ქეთო და კოტეს“ ფრაგმენტები ძველ თბილისში აჟღერდა

2113

პირველად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორიაში ვიქტორ დოლიძის ყველასათვის საყვარელი ოპერის „ქეთო და კოტეს“ ფრაგმენტები ძველ თბილისში აჟღერდა.

კოსტიუმირებულ პერფორმანს აბანოთუბანში თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები და გუნდის მსახიობები  წარმოადგენდნენ.

qeto-1

„ქეთო და კოტეს“ სპექტაკლები 31 მაისს და 2 ივნისს კვლავ გაიმართება თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე.

„ქეთო და კოტეს“ დამდგმელი დირიჟორია რევაზ ტაკიძე, რეჟისორი – ივანე ხუციშვილი, მხატვარი – გიორგი ალექსი-მესიშვილი, ქორეოგრაფი – ილიკო სუხიშვილი. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, სტაჟიორები, გუნდი, ორკესტრი და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.

qeto-2

ვიქტორ დოლიძე ქართული მუსიკის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ქართული კომიკური ოპერის ავტორი. 27 წლის ასაკში შექმნილმა სამმოქმედებიანმა ოპერამ „ქეთო და კოტე“ ვიქტორ დოლიძეს იმთავითვე მოუხვეჭა დიდი სახელი. ოპერის პრემიერა 1919 წლის 11 დეკემბერს უდიდესი წარმატებით შედგა. ოპერის რეჟისურა განახორციელა ალექსანდრე წუწუნავამ, დირიჟორი იყო სერგეი სტოლერმანი. ლიბრეტო პიესის საფუძველზე თავად კომპოზიტორმა შექმნა. ლიბრეტოს რედაქტირება ეკუთვნის ცნობილ ქართველ პოეტს იოსებ გრიშაშვილს, რომელმაც ასევე დაწერა სიკოს და საქოს კუპლეტები. სტილური თვალსაზრისით ოპერა დაკავშირებულია თბილისის ქალაქურ ფოლკლორთან და იტალიური საოპერო სკოლის ტრადიციებთან, რაც ეფექტურ მუსიკალურ სახეებსა და მელოდიებში ვლინდება.

qeto-3

ოპერა “ქეთო და კოტე” დაიწერა ცნობილი კომედიოგრაფის, დრამატურგ ავქსენტი ცაგარელის პიესის “ხანუმას“ მიხედვით. 1926 წელს ალექსანდრე წუწუნავამ პიესის საფუძველზე გადაიღო მხატვრული ფილმი “ხანუმა”. 1948 წელს კი ვახტანგ ტაბლიაშვილმა და შალვა გედევანიშვილმა შექმნეს მუსიკალური მხატვრული ფილმი “ქეთო და კოტე” (ა. ცაგარელის კომედია „ხანუმას“ და ვ. დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტეს“ მიხედვით).

ვიქტორ დოლიძის ოპერას გამორჩეული სცენური ისტორია აქვს. სხვადასხვა წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში „ქეთო და კოტეს“ რამდენიმე დადგმა განხორციელდა. პირველი სერიოზული წარმატება საქართველოს ფარგლებს გარეთ ოპერას “ქეთო და კოტე” მოსკოვსა და ლენინგრადში ხვდა წილად 1937 წელს ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე.

qeto-4

სხვადასხვა დროს “ქეთო და კოტე” საბჭოთა კავშირის 20 საოპერო თეატრის სცენაზე დაიდგა, ოპერის დადგმები განხორციელდა საზღვარგარეთაც – პოლონეთში (ორჯერ), ჩეხეთში, უნგრეთში, ბულგარეთში. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“ ბოლოს მე-20 საუკუნის 90-იან  წლებში გიგა ლორთქიფანიძის რეჟისურით დაიდგა. „ქეთო და კოტეს“ ახალი დადგმა კი 2018 წლის ოქტომბერში გაიმართა.