„ღამის სერენადები“ ბათუმსა და თბილისში გაიმართება

1067

„ღამის სერენადები“ – ფესტივალი წელს აღდგენიდან მეთერთმეტედ იმართება და მსმენელს ცნობილი მუსიკოსები და მრავალფეროვანი პროგრამა ელოდება.

ფესტივალი ბათუმსა და თბილისში 25, 27, 28, აგვისტოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება. 2 და 4 სექტემბერს კი – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში.

წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი სოლისტები და დირიჟორები გერმანიიდან, საბერძნეთიდან, ფინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და საქართველოდან.

„რასაკვირველია, ყოველი ფესტივალის პროგრამა წინასგან განსხვავებული და გამორჩეულია როგორც სოლისტებით, ასევე დირიჟორებით. ვცდილობთ, სხვადასხვა ჟანრის პროგრამა შევადგინოთ. წლევანდელი ფესტივალისთვის ვეცადეთ, მაქსიმალურად გამორჩეული პროგრამა შეგვედგინა და ამისი დასტური არის ის, რომ ღონისძიებას დახურავს შესანიშნავი ქართველი შემსრულებელი, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე. ფესტივალს ძალიან დიდი სახელი აქვს, დიდ პატივს სცემენ სახელოვნებო წრეებში. მსოფლიო დონის არტისტები მუდამ სიამოვნებით გვთანხმდებიან „ღამის სერენადებში“ მონაწილეობაზე“, – განაცხადა ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ისაკაძემ.