ამერიკული ბინძური რეალიზმის მამა და უდიდესი ცინიკოსი ჰენრიხ კარლ ბუკოვსკი 1920 წლის 16 აგვისტოს გერმანიაში, ქალაქ ანდერნახში დაიბადა. დედამისი მკერავი იყო, ხოლო მამა ამერიკულ ჯარში მსახურობდა. ეკონომიკური კრიზისის გამო, 1923 წელს ოჯახი იძულებული გახდა აშშ–ში გადასულიყო საცხოვრებლად.

თავისი ბავშვობის წლები მან წიგნში “ლორი შვრიაზე” აღწერა.

“მამაჩემს მოსწონდა, როდესაც საპარსის სალესი ქამრით მცემდა. დედა მას მხარს უჭერდა. სევდიანი ისტორიაა”.

ოჯახში და სკოლაში არსებული პრობლემების გამო, ბუკოვსკი მარტო ყოფნას შეეჩვია. მისი საყვარელი საქმიანობა სკოლის ბიბლიოთეკაში ამერიკელი ავტორების კითხვა იყო. მოზარდობის პერიოდში ის ალკოჰოლს მიეძალა.

სკოლის დამთავრების შემდეგ ბუკოვსკიმ კოლეჯში ჩააბარა, თუმცა ამავე დროს დაიწყო პირველი ლექსებისა და მოთხრობების წერაც. საბოლოო ჯამში, მან სწავლას თავი დაანება, დაბალანაზღაურებადი სამსახური იპოვა და თავისუფალ დროს ბარებში ატარებდა. სახელი ჩარლზი მან მშობლების სახლიდან წამოსვლისას მოირგო.

“მე უსიამოვნო ადამიანი ვარ – ეს ყველამ იცის. მე აღმაფრთოვანებენ არამზადები, ნაბიჭვრები და ავაზაკები. არ მიყვარს სუფთად გაპარსული ბიჭუნები, რომლებიც კარგ სამსახურში მუშაობენ. მე მომწონს სასოწარკვეთილი ხალხი, მხიარული ტვინით, ჩამსხვრეული კბილებით და განადგურებული ცხოვრებით. მე მიზიდავენ ზნედაცემული ქალები, სახემოხატული მთვრალი ძუკნები ჩაჩაჩული წინდებით. მე მარტივად ვნახულობ საერთო ენას უსხლკაროებთან, იმიტომ რომ მეც უსახლკარო ვარ. მე არ მიყვარს წესები, მორალი, კანონები და რელიგია. და ვერ მივცემ საზოგადოებას უფლებას გადამაკეთოს”, – ამბობდა ბუკოვსკი.

დიდი ხნის განმავლობაში ჩარლზ ბუკოვსკი ლექსებსა და მოთხრობებს გაზეთ “Open City”-ში ბეჭდავდა, სადაც ძალიან მცირე თანხას უხდიდნენ. მისი და ჯონ მარტინის შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდა. მარტინმა მისი ლექსების გამოქვეყნება გადაწყვიტა და შესთავაზა ბუკოვსკის თავი დაენებებინა სამსახურისთვის, რათა მთელი დრო შემოქმედებისთვის მიეძღვნა. გამოცემა “Black Sparrow Press” მას სიცოცხლის ბოლომდე თვეში 100 დოლარს უხდიდა, მიუხედავად იმისა დაწერდა ბუკოვსკი რამეს თუ არა.

1975 წელს რომანი “ფაქტოტუმი” გამოვიდა, ხოლო 1978 წელს “ქალები”. მატი წყალობით ბუკოვსკიმ საკულტო მწერლის ტიტული დაიმსახურა. თუმცა, პოპულარობას ის სკეპტიკურად უყურებდა და სძულდა კიდევაც ახალი სტატუსი.
“ჩემთვის უბედურება ბრბოში ყოფნაა. ადამიანებთან ერთად ყოფნა და მათი საუბრის მოსმენა. ამისგან შეიძლება გაგიჟდე. ეს საუბრები – გიჟების საუბრებია. ძაღლებიც კი უკეთ ყეფენ. ადრე ასე ვიქცეოდი: ფარდებს ჩამოვაფარებდი, არ ვპასუხობდი არც სატელეფონი ზარებს და არც კარზე კაკუნს – დაახლოებით ერთი კვირა. მე არ ვდგებოდი ლოგინიდან, არაფერს ვაკეთებდი, არავის ვხვდებოდი. ეს ძალიან მეხმარება”, – წერდა ჩარლზ ბუკოვსკი.

ბუკოვსკიმ ალკოჰოლს თავი ვერ დაანება, რის გამოც ხშირად ხვდებოდა საავადმყოფოში შინაგანი სისხლდენით. 1980–იანი წლების ბოლოს მწერალი ავად გახდა. მისი იმუნური სისტემა ძალიან სუსტი იყო. მას პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს, ხოლო შემდეგ გაისმა სიტყვა “ლეიკემია”. 1994 წლის 9 მარტს ჩარლზ ბუკოვსკი გარდაიცვალა. მის საფლავზე არსებული ეპიტაფია კი ამბობს: “არც კი სცადოთ.”
