ჩინეთში კომპანია Tencent-მა, რომელიც ტელეარხ HBO-ს გადაცემების ჩვენების უფლებას ფლობს, სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სერია არ აჩვენა. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal წერს.
სერია პლატფორმა Tencent Video-ზე უნდა გამოსულიყო, თუმცა 20 მაისის დილით კომპანიამ განაცხადა, რომ ჩვენება „სიგნალთან დაკავშირებული პრობლემების გამო“ გადაიდო.
HBO-ს პრესსამსახურის განცხადებით, მონაცემთა გაცვლასთან დაკავშირებული არანაირი ხარვეზი არ ყოფილა და სერიის ჩვენებაზე უარის მიზეზი, კი აშშ-თან არსებული სავაჭრო დავების გამო ჩინეთის ხელისუფლების აკრძალვა გახდა.
„სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონის სერიებმა Tencent Video-ზე 550 მილიონი ნახვა დააგროვა.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის, ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც დონალდ ტრამპმა ტექნოლოგიური საფრთხეების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 15 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკულ კომპანიებს იმ უცხოური სატელეკომუნიკაციო კომპანიებით სარგებლობა აეკრძალათ, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებენ.