პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი უნდა აღდგეს ზუსტად იმ ფორმით, როგორითაც ის 15 აპრილის ხანძრამდე არსებობდა – განაცხადა საფრანგეთის სენატმა.როგორც CNN წერს, ტაძრის განახლებასთან დაკავშირებულმა საკითხმა საფრანგეთში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საზოგადოების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ტაძარი ძველი იერსახით უნდა აღდგეს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს ხანძარი ერთგვარი შანსია ნოტრ-დამის გასაახლებლად.
პარიზის სოციალისტი მერი, ანე ჰიდალგოტაძრის ძველებური იერით აღდგენის მომხრეა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპე კი უფრო თანამედროვე მიდგომას ემხრობა.
გასულ თვეში ქვეყნის პრემიერმა ტაძრის განახლებაზე საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსი გამოაცხადა. 12 მაისს ფრანგმა არქიტექტორებმა ნოტრ-დამის რესტავრაციის პროექტი წარადგინეს.
ტაძრის აღდგენა 2024 წლის ზაფხულისთვის უნდა დამთავრდეს. ეს პერიოდი პარიზში ოლიმპიურ თამაშებს და ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ დასახელებულ დედლაინს ემთხვევა. ზოგიერთი არქიტექტორის კრიტიკა რესტავრაციისთვის განკუთვნილმა დრომაც კი გამოიწვია, მაგალითად რესტავრაციის ექსპერტი ფრედერიკ ლეტოფეს თქმით, ამ სამუშაოებისთვის სულ ცოტა 10-15 წელია საჭირო.
15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლს დაახლოებით 14 საათის განმავლობაში აქრობდნენ. ხანძრიდან რამდენიმე საათში მსხვილმა ბიზნესმენებმა პირობა დადეს, რომ ტაძრის აღსადგენად თანხას გამოყოფდნენ.