წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიის კედლები ძალაყინით ჩამოანგრიეს

614

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიის კედლები ძალაყინით ჩამოანგრიეს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი პირვანდელი სახით აღარ არსებობს.

გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ეკლესიაზე „სარესტავრაციო სამუშაოები“ ადგილობრივების ინიციატივითა და დაფინანსებით 12 მაისიდან მიმდინარეობს. სამუშაოების ზედამხედველმა იური ზედგენიძემ განაცხადა, რომ კედლის დაშლა მოსახლეობის მოთხოვნით დაიწყეს.

„რასაც ეს ხალხი გვეუბნება, ვაკეთებთ. გვეტყვიან დაშალეთ – დავშლით, ააწყეთო – ავაწყობთ“, – ციტირებს „სამხრეთის კარიბჭე“ იური ზედგენიძის კომენტარს.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, უნებართვოდ დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ორგანიზებისთვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ადგილობრივი იური წარუკიანი ჯერ გააფრთხილა, შემდეგ კი 5000 ლარით დააჯარიმა. მიუხედავად ამისა, სამუშაოები მაინც გრძელდება.

კორხში მდებარე წმინდა სტეფანეს (სურბ სტეფანოს) სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წლის 30 ივნისს მიენიჭა. XIX საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესია სომხურ სამოციქულო ეკლესიას ეკუთვნის.