ჰარი პოტერის 4 ახალი წიგნი გამოქვეყნდება

819

მაგლებო, ჯადოქრობის მდიდარ ისტორიაში თავით კიდევ ერთხელ გადაეშვებით, რადგან ივნისში ჯოან როულინგი ჰარი პოტერის ოთხ ახალ ელექტრონულ წიგნს გამოუშვებს.

წიგნები როულინგის ვებგვერდზე, Pottermore-ზე გამოქვეყნდება და მაგიის სამყაროს მიეძღვნება.

თითოეულ მათგანში განვრცობილი იქნება ის გაკვეთილები, რომლებსაც წიგნის გმირები ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში სწავლობდნენ. წიგნების შთაგონების წყარო ბრიტანეთის ბიბლიოთეკის გამოფენა გახდა, რომელიც ჰარი პოტერს ეძღვნებოდა.

თითოეული წიგნის ფასი $2,99 იქნება. ისინი ინგლისურ, იტალიურ, ფრანგულ და გერმანულ ენაზე გამოიცემა და ონლაინ მათი წინასწარ შეკვეთა უკვე შესაძლებელია.

პირველი ორი ელექტრონული წიგნის გამოცემის თარიღი 27 ივნისია. თუმცა, მკითხველს დანარჩენი წიგნებისთვის ლოდინი დიდხანს არ მოუწევს.

წიგნები ილუსტრირებული იქნება. მათზე ლონდონელმა მხატვარმა, როან დენიელ ისონმა იმუშავა.