ჰილმა აფ კლინტს აბსტრაქტული ხელოვნების პიონერს უწოდებენ. ის არაა მხოლოდ მხატვარი და მისტიკოსი, ისაა ერთ–ერთი პირველი ქალი, რომელმაც თავად აირჩია პროფესია და ცხოვრების სტილი.
ჰილმა 1862 წლის 26 ოქტომბერს კარლბერგში, საზღვაო ოფიცერის, ვიქტორ აფ კლინტის ოჯახში დაიბადა. 1872 წელს კლინტები საცხოვრებლად სტოკჰოლმში გადავიდნენ, სადაც ჰილმამ საშუალო განათლება მიიღო და ტექნიკურ სასწავლებელში განაგრძო სწავლა. ამის შემდეგ ახალგაზრდა ქალი ხელოვნების გაკვეთილებს ესწრებოდა, ხოლო 1887 წელს შვედეთის სამეფო აკადემიაში ჩააბარა.

1889 წელს ჰილმა აფ კლინტმა საკუთარი მხატვრული ატელიე გახსნა და პირველმა გამოფენებმაც არ დააყოვნა.
1880 წელს ჰილმას უმცროსი და ჰერმინა გარდაიცვალა, რამაც მხატვარს ოკულტიზმით დაინტერესებისკენ უბიძგა. ჰილმა აფ კლინტი სწავლობდა ფილოსოფიისა და რელიგიის სხვადასხვა მიმდინარეობებს, მათ შორის ელენა ბლავატსკაიასა და ქრისტიან როზენკრეიცის თეოსოფიურ იდეებს.

სამეფო აკადემიაში სწავლისას მან ანა კასელი გაიცნო. მოგვიანებით მეგობრებს კიდევ სამი “თანამზრახველი” შეუერთდა. ასე ჩამოყალიბდა ჯგუფი De Fem (ხუთეული).
ყოველ პარასკევს ჯგუფის წევრები ხვდებოდნენ ერთმანეთს, განიხილავდნენ ახალ აღქმას, მედიტირებდნენ და სპირიტიზმითაც კი ერთობოდნენ. სეანსების დროს სულებისგან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იწერებოდა.

ერთ–ერთ პარასკევს ჰელმამ მიიღო შეტყობინება სულისგან, რომლის თანახმადაც მას ნახატი–მედიუმები უნდა შეექმნა.
“სულიერ მოძღვართა მიერ ნაკარნახები” ნამუშევრების პირველი სერია 1906 წლის ბოლოს შეიქმნა.

ამგვარად ჰილმა აფ კლინტმა რადიკალურად აბსტრაქტული ტილოების შექმნა ვასილი კანდინსკიზე, კაზიმირ მალევიჩზე ან პიტ მონდრიანზე ბევრად ადრე დაიწყო. კლინტი არასდროს აქვეყნებდა თავის ნამუშევრებს და მათ როგორც წესი, ვიწრო წრეებში იცნობდნენ.

სერია “ტაძარს” აფ კლინტი 1906-1915 წლებში ქმნიდა და მასში 193 ნამუშევარი შევიდა. ათი ყველაზე დიდი ტილო ადამიანის ცხოვრების ეტაპებს აღწერს.
“ტაძარზე” მუშაობის დასრულების შემდეგ სულებმა შეწყვიტეს კარნახი, მაგრამ მან არ მიატოვა აბსტრაქტული ხელოვნება და ამჯერად შთაგონებას ეზოთერულ და ანტროპოსოფიულ ნაშრომებში პოულობდა.

როგორც მასთან ნაცნობობის შემდეგ, 1908 წელს ცნობილმა შვეიცარელმა თეოსოფმა რუდოლფ შტაინერმა განაცხადა, “მის ნამუშევრებს კიდევ ნახევარი საუკუნე ვერავინ გაშიფრავს”.

ჰილმა აფ კლინტი 82 წელის ასაკში ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა. მისივე ანდერძის მიხედვით, ნამუშევრებით სავსე ყუთები მხოლოდ 20 წლის შემდეგ გაიხსნა. თუმცა საზოგადოება კვლავ არ იყო მზად მისი შემოქმედებისთვის.
1970–იან წლებში სტოკჰოლმის მუზეუმმა უარი განაცხადა ჰილმა აფ კლინტის ნამუშევრების თავისთან განთავსებაზე. 1986 წელს კი ლოს–ანჯელესში გამართულ გამოფენაზე “სულიერება ხელოვნებაში. აბსტრაქტული ხელოვნება 1890-1985”, ხელოვნებათმცოდნე ოკო ფანტმა ჰილმას ნამუშევრები წარადგინა.

P.S. პარანორმალური მოვლენების მკვლევარებში გავრცელებულია ტერმინი – “ფსიქოგრაფია”. საუბარია იმ პროცესზე, როდესაც მხატვარი ან კომპოზიტორი ქმნის ხელოვნების ნიმუშს სულების ან სხვა არსებების “კარნახით”.
მაო ჩუბინიშვილი