29 წლის ასტროფიზიკოსი, რომლის დამსახურებითაც კაცობრიობას შავი ხვრელის ფოტო აქვს

1081

ახლა კი მოდით ცოტა კოსმოსზე ვილაპარაკოთ, თუმცა ამჯერად არა ვარსკვლავებზე, ხომალდებზე და ლამაზ პლანეტებზე არამედ ისეთ რაღაცაზე, რომლისაც მაგალითად, მე ბავშვობიდან მეშინოდა 🙂

მახსოვს დედა მიყვებოდა შავ ხვრელზე და მე წარმოდგენილიც  მქონდა მისი გამოსახულება, მერე სხვადასხვა მასალაც ვნახე, თუმცა აქამდე ჩვენს ხელთარსებული გამოსახულება ძირითადად ილუსტრაციები იყო და არცერთი ფოტო არ ყოფილა შავი ხვრელის რეალური გამოსახულება.  რადგან ვიცით, რომ ის ჩვენგან საკმაოდ შორსაა. მაგალითად, შავი ხვრელი M87-ი ჩვენგან  55 მილიონი სინათლის წელიწადითაა დაშორებული და დღემდე მისი გადაღება ფაქტიურად წარმოუდგენელი იყო.

ახლა კი ჩვენ შავი ხვრელი M87–ის ფოტო მივიღეთ, ის ასტროფიზიკოსებმა 10 აპრილის მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის  მიერ შეგროვებული მონაცემების საფუძველზე  წარადგინეს.

2017 წელს, მსოფლიოს 4 კონტინენტზე არსებული 8 ტელესკოპისა და უამრავი ასტროფიზიკოსის გაერთიანებით მიღებული ინფორმაცია 2 წლის განმავლობაში მუშავდებოდა, მონაცემთა დამუშავებაზე კი 29 წლის მეცნიერი– ქეით ბოუმანი და მისი გუნდი მუშაობდნენ.

ქეითიბოუმანი 3 წლის განმავლობაში, თავის გუნდთან ერთად ცდილობდა ისეთი ალგორითმის შექმნას, რომელიც შეძლებდა ასტრონომიული მონაცემების დამუშავებასა და ერთ ფოტოდ ქცევას. მონაცემები, რომლებიც მყარ დისკებზე ინახებოდა ნახევარ ტონას იწონიდა. სწორედ მისი და მისი გუნდის წყალობით გახდა შესაძლებელი, 5 პეტაბაიტიანი მონაცემები 100 კილობაიტიან ფოტოდ ქცეულიყო.

ქეით ბოუმანი ჯერ კიდევ  2017 წელს, ტედთოქის ერთ-ერთი გამოსვლისას გვიხსნიდა, თუ როგორ უნდა გადაგვეღო შავი ხვრელის ფოტო. მართლაც, ქეითმა შეუძლებელი შეძლო და ჩვენ უკვე გვაქვს შავი ხვრელის პირველი რეალური გამოსახულება და ამ ფაქტს, თავისთავად, დიდი მნიშვნელობა აქვს კოსმოსის კვლევის მიმართულებით.

ირინკა ფაღავა