50 წელი რომან პოლანსკის პირადი ტრაგედიიდან

2355

50 წლის წინ, 1969 წლის 9 აგვისტოს უცნობი პირები რომან პოლანსკის სახლში შეიჭრნენ, სადაც მისი ორსული ცოლი და მეგობრები სასტიკად მოკლეს.

თუმცა სჯობს ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.

რომან პოლანსკიმ შერონ ტეიტი ფილმ “ვამპირების წვეულების” გადაღებებისას გაიცნო. წყვილი 1968 წელს დაქორწინდა. პოლანსკები ბავშვის დაბადებას 1969 წლის აგვისტოს ბოლოს ელოდნენ. ზაფხულის დადგომამდე ისინი ევროპაში ცხოვრობდნენ, თუმცა შერონმა მშობიარობა აშშ–ში გადაწყვიტა და ამიტომაც დაბრუნდა სამშობლოში. რაც შეეხება პოლანსკის, ის ლონდონში ფილმის გადაღებებზე დარჩა.

აგვისტოს ღამით შერონთან სახლში მეგობრები, ჯეი სებრინგი, აბიგეილ ფოლგერსი და ვოიტეკ ფრისკოვსკი იმყოფებოდნენ. ჩარლზ მენსონის სექტის წევრები, ჩარლზ უოტსონი, სიუზან ატკინსი, პატრისია კრენვინკელი და ლესლი ვან ჰაუტენი ღობეზე გადაძვრნენ, ტელეფონის კაბელი გადაჭრეს და სახლში შეიჭრნენ. დღემდე უცნობია, რატომ აირჩია ჩარლზ მენსონმა სახლი, რომელიც სიელო–დრაივზეა.

როგორც ვინსენტ ბუგლიოსი თავის წიგნში “Helter Skelter” წერს, “ის ღამე იმდენად ჩუმი იყო, რომ სამეზობლოში ჭიქაში ყინულის დნობის ხმაც კი ისმოდა.”

“ქალი იყო ახალგაზრდა, ქერათმიანი და აშკარად ორსული. იწვა მარცხენა გვერდზე, დივანის წინ. მას საცურაო კოსტუმი ეცვა, რომლის ორნამენტის გარჩევაც სისხლის გამო შეუძლებელი იყო. კისრის გარშემო შემოხვეული ჰქონდა თოკი. იქვე იყო მამაკაცის გვამი, რომელსაც ასევე ჰქონდა შემოხვეული თოკი.მისი ტანსაცმელი სრულად გაჟღენთილი იყო სისხლით”, – წერდნენ მოგვიანებით თავიანთ ჩვენებაში დანაშაულის ადგილზე მისული პოლიციელები.

ტეიტს, ფრიკოვსკის, ფილგერს და სებრინგს ასზე მეტი ჭრილობა მიაყენეს, შემდეგ კი შერონის სისხლით კარზე სიტყვა “PIG” (ღორი) დაწერეს.

ეშმაკის საცოლეები. ვინ იყვნენ ჩარლზ მენსონის სექტის წევრები

ჩარლზ მენსონის არჩევანი სექტის იგივე “ოჯახის” 5 წევრზე გაჩერდა. ჩარლზ უოტსონი, სიუზან ატკინსი, პატრისია კრენვინკელი, ლესლი ვან ჰაუტენი და ლინდა კასაბიანი. აღსანიშნავია, რომ კასაბიანი არ იღებდა მონაწილეობას დანაშაულში და შემდგომ საქმის მთავარი მოწმეც გახდა.

ყველა გოგონას რთული ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი. სიუზან ატკინსი სახლიდან დედის გარდაცვალების შემდეგ წავიდა. მისივე თქმით, მამასთან მუდამ უთანხმოება ჰქონდა. სან–ფრანცისკოში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ ის სტრიპტიზს ცეკვავდა, მეძავად მუშაობდა. ლესლი ვან ჰაუტენი კი 14 წლის ასაკიდან მიეჩვია ნარკოტიკს, 17 წლის ასაკში დაორსულდა, თუმცა დედამ აბორტის გაკეთება აიძულა.

სასამართლოზე გოგონების ჩვენებებმა საზოგადოება შოკში ჩააგდო. ზოგიერთი გამოსვლის შემდეგ დამსწრეები ცუდად ხდებოდნენ და სხდომები წყდებოდა. მაგალითად სიუზან ატკინსი დეტალურად უამბობდა მოსამართლეს, როგორ მოკლა რომან პოლანსკის ცოლი.

“როდესაც ის მთხოვდა დამენდო, მე ვუპასუხე: “არ მებრალები, ქალო”,”– განაცხადა მან. ზუსტად მან დაწერა შერონის სისხლის სიტყვა “ღორი”.

გამოძიებამ გაარკვია, რომ მენსონმა სულ 7 მკვლელობა დაუკვეთა “ოჯახს”.

საბოლოო ჯამში, მკვლელობაში მონაწილე ყველა პირს სიკვდილით დასჯა შეეფარდა. თუმცა 1972 წლის თებერვალში, კალიფორნიაში უმაღლესი სასჯელი შეიცვალა და მსჯავრდებულებს სასიკვდილო ინიექცია სამუდამო პატიმრობით შეეცვალათ.

ჩარლზ მენსონი 2017 წლის 19 ნოემბერს გარდაიცვალა.

რაც შეეხება რეჟისორ რომან პოლანსკის, ის შერონ ტეიტის მკვლელობიდან, 21 წლის შემდეგ მეორედ დაქორწინდა. თუმცა მისივე განმარტებით, მართალია მას უყვარს ემანუელ სენიე, მაგრამ შერონს ვერასოდეს დაივიწყებს.