მათ “სტილის ხატს” უწოდებდნენ, მსოფლიოს ქალები მათ ბაძავდნენ, ხოლო მამაკაცები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. მოდის სამყაროში დღესაც აქტუალური რჩება ამ ქალბატონების გარდერობის ელემენტები.
მარლენ დიტრიხი

მდიდარი მშობლების ქალიშვილი მუდამ შეუმჩნეველი რჩებოდა. ცვლილება მაშინ მოხდა, როცა მან მსახიობობა გადაწყვიტა. რეჟისორმა ჯოზეფ ფონ შტერნბერგმა მარლენს გარეგნობის გაუმჯობესება ურჩია. ამის შემდეგ დიტრიხმა წონაშიც დაიკლო და ქერათმიანი ლამაზმანი გახდა. 1930-40იან წლებში მარლენ დიტრიხი კარნახობდა მსოფლიოს მოდას. მარლენმა მოირგო შარვალი და სულ მალე უამრავმა ქალმა მამაკაცის გარდერობის ელემენტების ათვისება გაბედა. მიუხედავად იმისა, რომ დიტრიხს შეეძლო მამაკაცის კოსტუმი ჩაეცვა, ის მუდამ ქალური სინაზის სიმბოლოდ რჩებოდა.
გრეის კელი

ის მუდამ გამოირჩეოდა უნიკალური სტილით, რომელმაც განუმეორებელი ქალის ხატი შექმნა. 1950–იან წლებში ის ყველა ქალისთვის სამაგალითო გახდა, რადგანაც დღის ნებისმიერ მონაკვეთსა და ნებისმიერ ვითარებაში უნაკლოდ გამოიყურებოდა. იდეალურად დავარცხნილი თმა, ნაზი კაბები და ორიგინალური ჟაკეტები – ეს გრეის კელის სავიზიტო ბარათი იყო.
მერილინ მონრო

ქერათმიანი ლამაზმანი გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგაც კი სექს–სიმბოლოდ ითვლება. ის თავის ფორმებს მუდამ ხაზს უსვამდა. ქერა თმა, წითელი ტუჩები და პატარა ხალი მსახიობის, მომღერლისა და მოდელის განუმეორებელი იმიჯის ნაწილებია.
ბრიჯიტ ბარდო

ფრანგი ქალის საიდუმლო მის უბრალოებასა და ბუნებრივობაშია. ოდნავ არეული ვარცხნილობა, შეღებილი თვალები და ნაზი ტუჩები. გარდა ამისა ბარდოს წყალობით მოდაში ბინიკი შემოვიდა.
ოდრი ჰეპბერნი

გრაციოზული გოგონა მუდამ თვლიდა, რომ სილამაზე ბედნიერ თვალებში იმალება. თუმცა, იუბერ ჟივანშიმ ფილმ “საბრინაზე” მუშაობის დროს, ჰეპბერნისგან ნამდვილი “სტილის ხატი” შექმნა. ოდრის უხდებოდა ყველაფერი – შავი კაბა, მოკლე შარვალი, მრგვალი სათვალე თუ უცნაური ფორმის ქუდები.
ტვიგი

ლესლი ლოუსონმა 1960–იან წლებში ფსევდონიმი ტვიგი აირჩია, რაც ინგლისურად ლერწამს ნიშნავს. გამხდარი, ნაზი, ცელქი – მან შეცვალა მოდა, სტილი და ქალის სხეულის აღქმა. მოკლე კაბა, ფეხსაცმელი დაბალ ქუსლზე, ჭრელი კოლჰოტები და გოლფები – ეს ტვიგია.
ჟაკლინ კენედი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მეუღლე, პირველი ლედი ჟაკლინ კენედი სტილს უამრავ ქალს კარნახობდა. მას ნაკლის დაფარვის ნიჭი ჰქონდა და ცდილობდა მხოლოდ კარგი მხარეები წარმოეჩინა. კლასიკური სტილის კაბები, ელეგანტური კოსტუმები და ხელთათმანები – პირველი ლედის სავიზიტო ბარათია.