9 საინტერესო ფაქტი სიურრეალიზმის შესახებ

2264

სიურრეალიზმი ზოგადად, ლიტერატურული და მხატვრული მიმდინარეობა იყო, რომელიც ევროპაში პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის აღორძინდა. სიურრეალისტები უარს ამბობდნენ რაციონალიზმსა და ლიტერატურულ რეალიზმზე. მათივე განმარტებით, ეს ორი თვისება წარმოდგენის უნარს აქვეითებს.

სიურრეალიზმი მოძრაობა დადადან წამოვიდა

დადა ანუ დადაიზმი ევროპაში მხატვრული მოძრაობა იყო, რომელიც გამოხატავდა თავის თვალსაზრისს პირველი მსოფლიო ომის თაობაზე. ის 1916 წელს ციურიხში რამდენიმე პოეტმა და მხატვარმა, მათ შორის ჰიუგო ბოლმა, ტრისტან ცარმა და ჟან არპამ, წამოიწყეს. დადაისტები თვლიდნენ, რომ მსოფლიო ომის ნამდვილი მიზეზი ზედმეტი რაციონალიზმი და კაპიტალისტური ღირებულებები იყო. მათ უარი თქვეს კაპიტალისტური საზოგადოების ლოგიკასა და ფასეულობებზე. ამ ყველაფრის ნაცვლად მათ სისულელის, ირაციონალიზმისა და ანტიბურჟუაზიული პროტესტების გამოხატვა დაიწყეს. ომის შემდეგ მოძრაობა დადას წევრებმა წამოიწყეს ექსპერიმენტი, რომელსაც დღეს სიურრეალისტური ავტომატიზმი ეწოდება. ესაა მხატვრული მეთოდი, რომლითაც მხატვარი ცნობიერის კონტროლს თავს აღწევს და სპონტანურობას მიჰყვება, რითაც საშუალებას აძლევს არაცნობიერს მეტი გავლენა იქონიოს მის შემოქმედებაზე.

სიტყვა “სიურრეალიზმი” გიიომ აპოლინერმა მოიფიქრა

ტერმინი “სიურრეალიზმი” ფრანგმა მწერალმა და ხელოვნებათმცოდნემ გიიომ აპოლინერმა შემოიღო. “აღლუმი” – ფრანგი კომპოზიტორისა და პიანისტის მიერ დადგმული ბალეტია. აპოლინერმა აღწერა “აღლუმი”, როგორც “თავისებური სიურრეალიზმი.” მან ასევე გამოიყენა სიტყვა “სიურრეალიზმი” 1917 წელს სხვა პიესის აღწერისასაც. აპოლინერი ასევე აღიარებდა ფრანგი ფილოსოფოსისა და მწერლის მარკიზ დე სადის ნაწარმოებების გენიალობას. გიიომ აპოლინერი სიურრეალიზმის ერთ–ერთ მშობლად მოიხსენიება.

“სიურრეალიზმის მამად” ანდრე ბრეტონს მოიხსენიებენ

სიურეალიზმი 1910–იანი წლბის ბოლოს და 1920–იანი წლების დასაწყისში “დაიბადა”. თავიდან ეს ლიტერატურული მოძრაობა იყო. ფრანგი პოეტი და კრიტიკოსი ანდრე ბრეტონი სიურრეალიზმის ფუძემდებელი და მთავარი თეორეტიკოსი იყო. მან მხატვრული მოძრაობის ორი მანიფესტი 1924 და 1929 წლებში გამოსცა. ის ასევე ჟურნალ La Révolution surréaliste (სიურრეალისტური რევოლუცია) რედაქტორი იყო. ბრეტონი იმ ჯგუფის ლიდერი იყო, რომლის წევრებიც თავს სიურრეალისტებს უწოდებდნენ. ის თავის მიერ შემუშავებული ფილოსოფიის ერთგული იყო და თვლიდა, რომ ჯგუფში აჯანყებული წევრების ადგილი არაა. მისი გავლენა მოძრაობაზე იმდენად დიდი იყო, რომ ბევრმა 1966 წელს, ბრეტონის გარდაცვალებისას ჩათვალა, რომ სიურრეალიზმი როგორც ორგანიზებული მოძრაობა დასრულდა.

ზიგმუნდ ფროიდის თეორიებმა დიდი გავლენა მოახდინეს სიურრეალიზმზე

ანდრე ბრეტონმა უმაღლესი განათლება მედიცინისა და ფსიქიატრიის დარგში მიიღო, და პირველი მსოფლიო ომის დროს, ნევროლოგიურ საავადმყოფოში მუშაობდა. შოკურ მდგომარეობაში მყოფ ჯარისკაცებთან მუშაობისას, ის ავსტრიელი ნევროლოგის, ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიტიკურ მეთოდებს იყენებდა. ზიგმუნდ ფროიდის ნამუშევრებს, განსაკუთრებით, თავისუფალი ასოციაციების, სიზმრების ანალიზისა და არაცნობიერი მდგომარეობის შესახებ, დიდი გავლენა ჰქონდა სიურრეალისტებზე. თუმცა, სიურრეალიზმის ფსიქოანალიტიკურ კრიტიკას ხელი პირველად ზუსტად ფროიდმა მიჰყო. მისივე განმარტებით, მას “სიურრეალისტების ცნობიერი უფრო აინტერესებდა, ვიდრე არაცნობიერი”.

1924 წლის ოქტომბერში კონკურენტი ჯგუფების მიერ ორი სხვადასხვა სიურრეალისტური მანიფესტი გამოქვეყნდა

1924 წელს სიურრეალისტთა ორი დაპირისპირებული ჯგუფი გაჩნდა. ერთს ანდრე ბრეტონი ხელმძღვანელობდა, ხოლო მეორეს პოეტი ივან გოლი. 1 ოქტომბერს გოლმა გამოაქვეყნა “სიურრეალიზმის მანიფესტი”, ხოლო 15 ოქტომბერს ბრეტონმა ამავე სახელწოდების სხვა მანიფესტი დაბეჭდა. ეს ორი ჯგუფი ღიად დაუპირისპირდა ერთმანეთს ტერმინ “სიურრეალიზმის” ფლობაზე უფლებების გამო. ამ ბრძოლაში ანდრე ბრეტონმა გაიმარჯვა, რადგანაც მას ბევრად მეტი მიმდევარი ჰყავდა. ამის შემდეგ ანდრე ბრეტონის სიურრეალისტურმა მანიფსტმა ოფიციალურად დაუდო სათავე მოძრაობას.

ჯორჯიო დე კირიკოს მეტაფიზიკურმა ხელოვნებამ დიდი გავლენა იქონია მხატვარ–სიურრეალისტებზე

თავიდან სიურრეალისტებს არ სურდათ მხატვრებთან გაერთიანება, რადგანაც თვლიდნენ, რომ ხატვისა და ძერწვის პროცესები ეწინააღმდეგებოდნენ გამოხატვის სპონტანურობას. თუმცა, რადგანაც ანდრე მასონმა პირველმა შემოიღო ავტომატური ხატვა, მოძრაობაში მხატვრების მიღებაც დაიწყეს. პირველი მხატვრები კი მასონის გარდა იყვნენ, გერმანელი მარკ ერნსტი, ესპანელი ხუან მირო და ამერიკელი მან რეი. მეტაფიზიკური ხელოვნება იყო სტილი, რომელიც ობიექტების უცნაური განლაგების მქონე ზღაპრული სცენებით გამოირჩეოდა. ის იტალიელმა ჯორჯო დე კირიკომ შექმნა. კირიკომ და მეტაფიზიკურმა ხელოვნებამ დიდი გავლენა იქონიეს სიურრეალისტ მხატვრებზე.

მოძრაობა 1930 წელს გაიზარდა, რამაც აღორძინება მოიტანა

1930–იან წლებში სიურრეალიზმი პოპულარული გახდა მთელ მსოფლიოში და ამგვარად, მოძრაობის ოქროს ხანა დადგა. ლიტერატურისა და მხატვრობის გარდა, მოძრაობამ დიდი გავლენა იქონია სხვა სფეროებზეც, მათ შორის კინოზე, მუსიკასა და თეატრზე. მისი გავლენა იგრძნობოდა პოლიტიკურ შეხედულებებში, ფილოსოფიასა და სოციალურ თეორიაში. პოლიტიკური სიურრეალიზმი ასოცირდება კომუნიზმთან და ანარქიზმთან. ბრეტონი და მისი ჯგუფი რევოლუციონერ ლევ ტროცკის და საერთაშორისო მემარცხენე ოპოზიციას ღიად უჭერდნენ მხარს.

ყველაზე ცნობილი სიურრეალისტები სალვადორ დალი და რენე მაგრიტი არიან

მიუხედავად იმისა, რომ სიურრეალიზმი ბევრ სფეროს მოედო, ის ზუსტად მხატვრობაშია ცნობილი. მისი ოქროს ხანის მთავარი ფიგურანტებიც მხატვრები, ხუან მირო. სალვადორ დალი, მაქს ერნსტი და რენე მაგრიტი არიან. სახვით ხელოვნებაში სიურრეალისტი მხატვრები ფოტოგრაფიული სიზუსტით ხატავდნენ ალოგიკურ სცენებს და ყოველდღიური მოხმარების ნივთებს უცნაურ არსებებად აქცევდნენ. სალვადორ დალი და რენე მაგრირტი მოძრაობის ყველაზე ცნობილი წევრები არიან, ხოლო ყველაზე ცნობილი სიურრეალისტური ნახატი, დალის “რბილი საათებია”.

აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი სიურრეალისტებისა და ამერიკელი მხატვრების ერთობლივი “ნამუშევარია”

მეორე მსოფლიო ომის დროს ბევრ ევროპელ მხატვარს მოუწია შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად გადასვლა. მხატვრული საზოგადოება იქ უკვე ექცეოდა სიურრეალისტური გავლენის ქვეშ, ამიტომაც ისინი ადვილად შეეგუენ ახალი მხატვრების ჩამოსვლას. ამან კი თავის მხრივ ჩამოაყალიბა აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი – პირველი ამერიკული მხატვრული მოძრაობა, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ სიურრეალიზმმა გამოიწვია ამერიკული ხელოვნების მკვეთრი განვითარება, მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ.