Apple ემშვიდობება პროგრამა Itunes-ს, რომლითაც „მუსიკის რევოლუცია“ დაიწყო

1044

Apple ემშვიდობება პროგრამა Itunes-ს, რომლითაც „მუსიკის რევოლუცია“ დაიწყო

პრეზენტაციიდან 18 წლის შემდეგ Apple იმ პროგრამას ემშვიდობება, რომლითაც “მუსიკის რევოლუცია” დაიწყო. iTunes, რომელიც mp3 მუსიკის ერაში შეუცვლელი სერვისი იყო, თითქმის ორი დეკადის თავზე უქმდება. Bloomberg-ის ცნობით,  Apple ამ თემაზე დეველოპერების კონფერენციაზე ისაუბრებს.

ეს სიახლე მოულოდნელი არაა. უკვე წლებია, რაც სტრიმინგ სერვისებმა (მათ შორის, AppleMusic-მა) ჩამოტვირთვის ფორმატი ჩაანაცვლა. 2018 წლის მონაცემებით, მუსიკალური ინდუსტრიის შემოსავლების 75% სტრიმინგზე მოდის.

iTunes 2001 წელს გაეშვა და მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ პრობლემასთან, პირატულ მოხმარებასთან ბრძოლაში ჩაება. მას შემდეგ ის მედია-გიგანტად იქცა და მუსიკა, ფილმები და ტელევიზია გააერთიანა.

AppleiTunes-ს სამი დამოუკიდებელი აპლიკაციით: მუსიკით, ტელევიზიითა და პოდკასტებით ჩაანაცვლებს. კომპანია მედიის დეცენტრალიზაციას უკვე ახორციელებს აიპადებსა და აიფონებზე. ახლა კი მაკებისა და მაკბუქების დროც დადგა.

“ამ ნაბიჯით Apple საკუთარ თავს გართობის სერვისების პროვაიდერად წარმოაჩენს და არა უბრალოდ ტექ-კომპანიად, რომელიც თავის რამდენიმე აპლიკაციაში მედიას ყიდის”, – წერს RollingStone’s-ის მიმომხილველი.

AppleMusic-ის აპლიკაცია, სავარაუდოდ, iTunes-ის რამდენიმე ძირითად ფუნქციას შეითავსებს, მათ შორის, სიმღერის შეძენასა და ტელეფონთან სინქრონიზაციას. მიუხედავად იმისა, რომ iTunes-ის გაუქმება ეპოქის დასასრულს ნიშნავს, მომხმარებლებისთვის ისიც ცხადია, რომ თანამედროვე სამყაროში ეს ნაბიჯი გარდაუვალი იყო.