Versace-მ ჩინეთის შეურაცხყოფისთვის ბოდიში მოიხადა

1194

სამოსისა და აქსესუარების იტალიური ბრენდი Versace ჩინეთს ოფიციალურ ბოდიშს უხდის – მოდის სახლის ახალ კოლექციაში, მაისურებზე ჰონგ კონგი და მაკაო დამოუკიდებელი ტერიტორიების სახითაა დატანილი.

დიზაინერებმა ქალაქები და ქვეყნები დააწყვილეს, მაგალითად, პარიზი – საფრანგეთი, ლას ვეგასი – აშშ, ლონდონი – გაერთიანებული სამეფო. სწორედ ამ პრინციპით დაწერეს: ჰონგ კონგი – ჰონგ კონგი, მაკაო – მაკაო.

BBC -ს თქმით, ჩინეთის ხელისუფლებას და მოსახლეობას ყოველთვის მკაცრი რეაქცია აქვს, როცა საერთაშორისო ბრენდები ჰონგ კონგს და მაკაოს დამოუკიდებელ ქვეყნებად მოიხსენიებენ. ოფიციალურად, ჰონგ კონგი ჩინეთის ნაწილია, მაგრამ სპეციალური სტატუსით მოსახლეობას მეტ ავტონომიას სთავაზობს, მაკაოს კი ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული ერთეულის სტატუსი აქვს. მომხდარის გამო ბრენდი, სოციალურ მედიაში, მკაცრად გააკრიტიკეს. Versace-სთან თანამშრომლობა შეწყვიტა ბრენდის ამბასადორმა ჩინეთში.

„ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხელშეუხებელია“ – ნათქვამია მოდელისა და მსახიობის Yang Mi-ის განცხადებაში.

პასუხად, მოდის სახლმა, ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „ჩინეთის ტერიტორიულ სუვერენიტეტს პატივს სცემენ“, შეცდომის გამო, ბოდიშს იხდიან და აღნიშნავენ, რომ მაისურები გაყიდვიდან უკვე ამოიღეს. მომხდარს გამოეხმაურა Versace-ს მოდის სახლის ხელმძღვანელი და დიზაინერი დონატელა ვერსაჩეც.

„არასოდეს მიფიქრია, ჩინეთის ეროვნული სუვერენიტეტის მიმართ უპატივცემულობა გამომეხატა. სწორედ ამიტომ, მსურს პირადად მოვიხადო ბოდიში ასეთი შეცდომისა და ნებისმიერი ადამიანისთვის მიყენებული ზიანის გამო“.